თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო საბავშვო ბაგა-ბაღები მუშაობას ახალი რეგულაციებით განაახლებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
კორონავირუსის პანდემიის გამო სასწავლო პროცესი საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში, მათ შორის საბავშვო ბაგა-ბაღებში, 2 მარტს შეჩერდა.
სკოლამდელი დაწესებულებებისთვის შრომითი ინსპექციის მიერ შედგენილი წესები იმოქმედებს, კერძოდ, შესაძლებელია, პრევენციის მიზნით ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა შემცირდეს.
„ამ ეტაპზე იქნება ზოგადი მოთხოვნები, როგორიც არის დისტანცია, სადენზიფექციო სამუშაოების განხორციელება. რაც შეეხება სხვა პროტოკოლურ მოთხოვნებს, ეს უახლოეს დროში კერძო და სახელმწიფო სექტორთან შეთანხმებით იქნება დაზუსტებული, მათ შორის ბავშვების რაოდენობაც", – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.
პროტოკოლის სამუშაო ვერსიაში ნათქვამია, რომ ბაგა-ბაღებში მხოლოდ ისეთი სათამაშოები უნდა გამოიყენონ, რომლებიც სადენზინფექციო ხსნარით დამუშავდება.
ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზება: სასწავლო პროცესი შერეული მოდელით>>
სააღმზრდელო დაწესებულებაში შესვლამდე სავალდებულო რჩება თერმოსკრინინგის გავლა.
საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი, სავარაუდოდ, 14 სექტემბერს განახლდება.