23:50 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (224)
112301

ეგრეთ წოდებული „ექიმების საქმე“ სულ უფრო აქტუალური ხდება: ქართველი მედიკოსები თავისი კოლეგის დასაცავად გაერთიანდნენ

თბილისი, 18 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან იმართება ექიმების საპროტესტო აქცია, რომლებიც თავისი კოლეგის, ვახტანგ ყიფიანის გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვენ.

ექიმები დაჟინებით მოითხოვენ, რომ ყიფიანი სასამართლო პროცესს საპატიმროს გარეთ დაელოდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მედიკოსები მასშტაბური გაფიცვით იმუქრებიან.

ექიმების საქმე ეხება ოპერაციას, რომელიც „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ ახალგაზრდა გოგონას 2018 წელს გაუკეთდა. ნათია ცირეკიძეს მაშინ კონსულტაცია ჩაუტარა ექიმმა ვახტანგ ყიფიანმა, რომელიც შეპირდა პაციენტს, რომ მისი გამოკვლევების შედეგები გაიგზავნებოდა იტალიაში და მას ოპერაციას იტალიელი ექიმები ჩაუტარებდნენ. გოგონა დათანხმდა, თუმცა მას ოპერაცია თავად ყიფიანმა გაუკეთა, ნარკოზი კი - ანესთეზიოლოგმა მაგდა ხოჭოლავამ. მოგვიანებით, როდესაც გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად გაუარესდა, მათ განმეორებითი ოპერაცია გაუკეთეს, რომლის შემდეგ პაციენტი კომაში ჩავარდა და დღემდე კომაშია.

გამოძიების მონაცემებით, ყიფიანს მსგავსი ოპერაციის ჩასატარებლად შესაბამისი ლიცენზია არ ჰქონდა, ხოლო ხოჭოლავას საერთოდ არ ჰქონდა ოპერაციებზე დაშვება, რადგან კონსულტანტად მუშაობდა. გარდა ამისა, მათ ოპერაციისას დაუშვეს შეცდომები, რომლებმაც პაციენტის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია.

თუმცაღა კლინიკის ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ განმეორებითი ოპერაციის დროს პაციენტის მდგომარეობა ქირურგიულ ჩარევამდე - ანესთეზიის გაკეთებისთანავე გაუარესდა.

ქართველი ექიმების მხარდასაჭერად გამოვიდნენ იტალიელი კოლეგებიც - ბერგამოს საუნივერსიტეტო კლინიკიდან.

5 აგვისტოს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 100 ათასი ლარი შეეფარდა, ხოლო ამავე კლინიკის ექიმს ვახტანგ ყიფიანს – პატიმრობა. აგრეთვე პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას - ამჟამად ის ცხოვრობს და მოღვაწეობს იტალიაში.

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრები ასევე მოითხოვენ საქმის განმეორებით განხილვას ექსპერტების ჩართვისა და ინსპექციის ახალი ოქმის შედგენით - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო დარეგულირების სააგენტოს მიერ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მომიტინგეები არ გამორიცხავენ გაფიცვებს.

ვახტანგ ყიფიანის და მისი კოლეგების მხარდასაჭერად პერმანენტული საპროტესტო აქციები საქართველოს ქალაქებში ორ კვირაზე მეტი ხანია მიმდინარეობს.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (224)

მთავარი თემები