00:13 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (72)
215 0 0

ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ მათ მიერ წარმოდგენილი სამხილების საფუძველზე, მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარე მზადაა წარმოადგინოს იმ არასრულწლოვანთა ბრალეულობის ახალი მტკიცებულებები, რომლებსაც ბრალი ედებათ ჩხუბების და მკვლელობის ეპიზოდებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-მონაწილეობაში, ასევე მისი მეგობრის, გიორგი ამირხანაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა ნატა გუგუტიშვილმა.

სასამართლო შაქარაშვილის საქმის არსებით განხილვას იწყებს >>

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ამ წუთებში დაიწყო ექვსივე არასრულწლოვანის საქმის განხილვა. ორი მათგანი ასევე შაქარაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული. გამოძიება ამტკიცებს, რომ ყველა მათგანი მონაწილეობდა ჩხუბებში როგორც თბილისი-მცხეთის ტრასაზე, ისე მცხეთის აგარაკზე. ბრალდებულებმა ბრალი ნაწილობრივ აღიარეს.

„ჩვენ სასამართლოს მივუთითებთ იმ ძირითად მტკიცებულებებზე, რასაც ბრალდების მხარე სასამართლოში გამოიკვლევს და რაზე დაყრდნობითაც ბრალდების მხარეს გონივრული მოლოდინი აქვს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ სასამართლო ექვსივე არასრულწლოვნის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოტანს“, - განაცხადა გუგუტიშვილმა.

მისი თქმით, მტკიცებულებებს შორის იქნება წარმოდგენილი ცხედარზე ჩატარებული დამატებითი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამტკიცებს იმას, რომ ტრავმები, რომლებიც შაქარაშვილს გარდაცვალებამდე ჰქონდა მიღებული, გამოწვეულია არა დაცემით, არამედ ძალადობრივ ხასიათს ატარებს. ასევე არსებობს დამატებითი ვიდეომასალა, სადაც ჩანს ბრალდებულების გადაადგილება, დანაშაულის ორგანიზება და მათი თბილისში დაბრუნება.

„ვინაიდან არასრულწლოვნების საქმეზე ჩვენ გვაქვს მოკლე დრო და ვადაში ვართ შეზღუდულები, დამატებით მოხდა მტკიცებულებების წარდგენა სასამართლო პროცესზე. ჩვენ ვიშუამდგომლებთ, რომ ეს მტკიცებულებები დასაშვები იყოს“, - განაცხადა პროკურორმა.

შაქარაშვილის საქმე სამ ეპიზოდად არის გაყოფილი: მკვლელობამდე მომხდარი ჩხუბების ეპიზოდები არასრულწლოვანების მონაწილეობით, ჩხუბების ეპიზოდები სრულწლოვანების მონაწილეობით და უშუალოდ მკვლელობა. საქმეში სულ 17 ადამიანი ფიგურირებს.

მკვლელობის საქმეზე 17-დან ხუთი ბრალდებული გადის - აქედან ორი არასრულწლოვანია. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ ჯერ სცემეს შაქარაშვილს, შემდეგ კი გადააგდეს მდინარეში, რომელშიც ის დაიხრჩო. ფეხბურთელის ცხედარი მცხეთასთან ახლოს არაგვში ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (72)

მთავარი თემები