03:45 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1108)
190 0 0

ცვლილებები ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის განმეორების თავიდან აცილებას და მსხვერპლთა ეფექტიან დაცვას.

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. მოძალადის ელექტრონული ზედამხედველობის პროგრამის ფარგლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ UN WOMEN შეიძინა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა 100 ელექტრონული სამაჯური და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოძალადეებისგან ქალების დასაცავად პარლამენტმა კანონში ცვლილება შეიტანა>>

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 12 თანამშრომელი ოთხდღიან ტრენინგს გაივლის, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ. გადამზადება თემაზე „ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შესახებ" შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ჩატარდება.

პროექტი ევროკავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN WOMEN აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.

„ტრენინგზე განხილული იქნება როგორც სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა, ასევე ელექტრონული ზედამხედველობის მოწყობილობების ფუნქციონირების პრინციპი, მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლები, მათი დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის წესი, ასევე პროგრამული უზრუნველყოფა, ზონების დაგეგმარება და კონტროლი", – აღნიშნულია განცხადებაში.

2020 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს კანონმდებლობით ძალაში შედის მოძალადის ელექტრონული ზედამხედველობის პროგრამა, რომელსაც ტექნიკურად უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“.

კანონის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად შესაძლებელი იქნება მოძალადის მიმართ დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა, თუ სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებისას მხედველობაში იქნება მიღებული მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ძალადობის განხორციელებისას ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი და სხვა გარემოებები.

აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის განმეორების თავიდან აცილებას და მსხვერპლთა ეფექტიან დაცვას.

„მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად იქმნება დამატებითი მექანიზმები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ეფექტიანობის ასამაღლებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1108)

მთავარი თემები