12:42 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
203 0 0

ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, თვითდასაქმებულებს სახელმწიფოსგან 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება კონკრეტული საბუთის წარდგენის შემდეგ უნდა მიეღოთ.

თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარი დაერიცხება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით ონლაინ რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდა. 31 ივლისის მონაცემებით, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 245 421 პირი.

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, თვითდასაქმებულებს სახელმწიფოსგან 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება კონკრეტული საბუთის წარდგენის შემდეგ უნდა მიეღოთ.

„ეს დახმარება მიიღო 170 ათასმა მოქალაქემ, რომელსაც სრულად ჰქონდა შევსებული განაცხადი და ეს დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებდა მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს. თუმცა დღეს ჩვენ, ვიდრე გადავალთ მეორე ეტაპზე და როდესაც თვითდასაქმებულების პროგრამას ვხურავთ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ დარჩენილ 80 ათას მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნები, დაუკმაყოფილდეს ყველა ვარიანტში ეს თხოვნა“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამით თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამა დასრულდება. რაც შეეხება ყველა სხვა პროგრამას, რომელიც მოქალაქეების სოციალურ დახმარებას ითვალისწინებს (სამსახურის დაკარგვა, შშმ პირების, მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება და ა.შ.), გაგრძელდება შესაბამისი ვადებით.

„როგორც შედეგი, ჩვენ მეორე ეტაპს ვხურავთ იმით, რომ ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მიმართა მთავრობას, ყველანაირი შეფერხების გარეშე, სექტემბრამდე ეს თანხა დაერიცხება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში თვითდასაქმებულების დასახმარებლად ბიუჯეტიდან 75 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.

მთავარი თემები