02:13 31 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
230 0 0

გამოძიება აგრძელებს მოკვლევას – არის თუ არა კავშირში ახალგაზრდა გოგონას სიკვდილი მისი პროგრამირების სფეროში მუშაობასთან.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გოგონა სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე ინტერნეტში თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაციას ეძებდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს (ის პროგრამისტი იყო) და წინასწარი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. 

შსს-ს ცნობით, ოთხშაბათს უწყებამ გოგონას ნოუთბუქის ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, რომელშიც აღმოჩენილია ფოტო- და ვიდეოფაილები, ასევე ინტერნეტში ძიების ისტორია.

ექსპერტიზის დასკვნით, 18 ივნისს, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე, ბაჩალიაშვილი სუიციდის მეთოდების შესახებ ინფორმაციას ეძებდა.

გარდა ამისა, გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე, 17 ივლისის 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შევიდა სოციალური ქსელი Facebook-ის დახმარების სამსახურში, ვებ-გვერდზე სახელწოდებით „რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები?“. ამავე პერიოდში ბაჩალიაშვილის მიერ Google-ში ჩაწერილი და მოძებნილია ინფორმაცია: „ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ“. 

შსს ასევე აცხადებს, რომ აგრძელებს კომპანია ZAG-ის საქმიანობის შესწავლას, რომელშიც ბაჩალიაშვილი გარდაცვალებამდე მუშაობდა, და დაადგინა, რომ კომპანია საქართველოში არ ოპერირებს, არამედ ასრულებს საერთაშორისო შეკვეთებს.

ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება გრძელდება.

შესაძლო თვითმკვლელობის ვერსიას გამოძიება იმ ფაქტის გათვალისწინებით განიხილავს, რომ სხეულის წინასწარმა დათვალიერებამ ტრავმები და ჭრილობები არ გამოავლინა. ასევე ეჭვს იწვევს ის, რომ ავტომობილში ცხედრის ნივთებში ნაპოვნ წამლებს 20 აბი აკლია. მანქანაში იპოვეს ჩანაწერიც „თანხა ანგარიშზეა, გამოიყენეთ“.

ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტიზის ოფიციალურ დასკვნაზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.

მთავარი თემები