ლილოს ბაზრობაზე ეპიდემიოლოგები შევიდნენ: ბაზრობა იკეტება?

© Sputnik / Alex Shlamovლილოს ბაზრობაზე ეპიდემიოლოგები შევიდნენ: ბაზრობა იკეტება?
ლილოს ბაზრობაზე ეპიდემიოლოგები შევიდნენ: ბაზრობა იკეტება? - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაზრობის დირექტორის გიორგი კვარაცხელიას თქმით, ლილოს დაკეტვა არ იგეგმება და იგი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ლილოს ბაზრობაზე, რომელიც თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრია, თანამშრომლების ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყო. 

ბაზარი - Sputnik საქართველო
თბილისის ბაზრებში კონტროლი მკაცრდება - რამდენიმე მოვაჭრეს კორონავირუსი დაუდგინდა

როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ლილოს ბაზრობაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორი ჯგუფი იმუშავებს და ინფიცირებულთა კონტაქტებს გამოიკვლევს.

ამის აუცილებლობა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც გაირკვა, რომ ინფიცირებულთა ერთ-ერთ კლასტერს ლილოს ბაზრობაზე მომუშავე პიროვნებებთან ჰქონდა კონტაქტი. ლილოს ბაზრობაზე მანამდე უკვე 30-მდე ადამიანი გამოიკვლიეს, რომელთაგან რამდენიმეს ვირუსი დაუდასტურდა.

„ამის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლილოს ბაზრობაზე ჩატარდეს ფართომასშტაბიანი PCR-სკრინინგი. პირველ რიგში გამოვიკვლევთ ინფიცირებულთა კონტაქტებს, მათ გვერდზე მომუშავე პირებს და შემდეგ გვაქვს გეგმა, თუ როგორ გავაფართოოთ სკრინინგი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს გამოკვლეული და აუცილებლობის შემთხვევაში მოხდეს მათი დროული იზოლირება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ბაზრობის ადმინისტრაციამ ეპიდემიოლოგებისთვის სპეციალური ფართი გამოყო, სადაც ისინი ბიოლოგიური ნიმუშების აღებას შეძლებენ. 

კორონავირუსი საქართველოში: „ცხელი წერტილი“ კვლავ გარდაბანია - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: „ცხელი წერტილი“ კვლავ გარდაბანია

ბაზრობის დირექტორის გიორგი კვარაცხელიას თქმით, ლილოს დაკეტვა არ იგეგმება და იგი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

„ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობით ახლოს ვიმყოფებით იმ რაიონთან, სადაც იმატა ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ... ჩვენ ეპიდემიოლოგიური სამსახურის რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ და ერთობლივი ძალებით, ვფიქრობთ, რომ კარგ შედეგს მივიღებთ. ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, უბრალოდ გამკაცრდება ზომები. იქნება თერმოსკრინინგი, ასევე პირბადეების მკაცრი კონტროლი, სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

ეპიდემიოლოგების თქმით, ამ ეტაპზე ფართომასშტაბიანი კვლევა მხოლოდ ლილოს ბაზრობაზეა დაგეგმილი.

ეპიდემიოლოგები გარდაბნის რაიონშიც აგრძელებენ მუშაობას, რომელიც ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ რუკაზე დღეისათვის ყველაზე „ცხელი წერტილია“. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ პირებს, რომლებიც ბაზრობებზე არიან დასაქმებული.

საქართველოს მთავრობის სპეციალური ვებ-გვერდის stopcov.ge მონაცემებით, ამ დროისათვის საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1104-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულია 912 ადამიანი, გარდაცვლილია – 16, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5936, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 268 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0