თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. 2021 წელს ინგლისის პრემიერ-ლიგის საფეხბურთო კლუბების „ლივერპულისა“ და „ჩელსის“, ასევე ბუნდესლიგაში დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთლები საქართველოში შეკერილი ფორმებით ითამაშებენ, ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფორმების შეკერვა რუსთავში, სრულიად ახალ საწარმოში იგეგმება, რომელსაც კომპანია „აჭარა ტექსტილი“ აშენებს. ამ კომპანიის ახალ ფაბრიკაში „ქართლი ტექსტილი“ 3 ათასი ადამიანი დასაქმდება.
ფორმების პირველი პარტია ოქტომბერში მზად იქნება და უკვე 2021 წელს გულშემატკივარი საყვარელ ფეხბურთლებს იხილავს ფორმაში, რომელსაც ექნება წარწერა Made in Georgia.
კომპანია „აჭარა ტექსტილი“ აქტიური მონაწილეა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, რომელიც საქართველოში ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს.
პროგრამის წყალობით კომპანია „აჭარა ტექსტილი“, რომელიც 20 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს, აღნიშნული თანხით შეძლებს შეიძინოს თანამედროვე დანადგარები, რაც მას საშუალებას მისცემს მაღალხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს ისეთ ცნობილ კომპანიებს, როგორებიც არიან Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima.