მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 59 სოფელს მიენიჭა

© Sputnik / STRINGERუშგული
უშგული - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი საქართველოს თითქმის 1,8 ათას დასახლებას აქვს მინიჭებული. ამ ადგილების მოსახლეობა განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობს.

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის მიღების მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს კიდევ 59 დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭა, განაცხადა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველოს მთავრობამ ხუთი წლის წინ პრიორიტეტად დაისახა მთის განვითარება და მიიღო კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. რეგიონების დასახმარებლად 2015 წელს შეიქმნა „მთის ეროვნული საბჭო“ და „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი“. მისი ბიუჯეტი 2016–2020 წლებში 86 მლნ ლარს შეადგენდა. ხელისუფლებამ მაღალმთიან რაიონებში ცხოვრების დონის ამაღლებისა და ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით სოციალური და საგადასახადო შეღავათები დააწესა.

თუშეთის ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო
მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები იცვლება

„ფაქტობრივად გამოდის, რომ 246 ათას ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ამ სტატუსით უკვე სარგებლობს, მიემატება 26 ათასი მოქალაქე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მათ შორის იქნება დუშეთისა და გორის მუნიციპალიტეტებში 19 დასახლებული პუნქტი... კიდევ ერთი ძველი თემა – გურიაში, გომის მთა ასევე მიიღებს სტატუსს. სამართლიანობა აღდგება“, – განაცხადა პრემიერმა.

გომის მთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. განთავსებულია ზღვის დონიდან 2100–2700 მეტრ სიმაღლეზე. ის დასახლება მიმდინარე წლის მაისში გახდა, რის შემდეგაც გახდა შესაძლებელი, რომ მას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოს.

გომისმთის გარდა, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა გამყოფ ხაზთან მდებარე 19 სოფელს. ასევე ოთხი მუნიციპალიტეტის – თიანეთის, დმანისის, ასპინძისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების 39 დასახლებას, სადაც მოსახლეობის 80%-ზე მეტი 800 მეტრზე მაღლა მდებარეობს.

ფშავის რეგიონი - Sputnik საქართველო
მაღალმთიან საწარმოებს ახალი შეღავათები მიენიჭათ

ამჟამად მაღალმთიანი დასახლების სტატუსი საქართველოში მინიჭებული აქვს თითქმის 1,8 ათას დასახლებულ პუნქტს, რომელთა მოსახლეობა განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობს, მათ შორის, მომატებული პენსიებით, სოციალური დახმარებებით, კომუნალურ მომსახურებაზე შეღავათიანი ტარიფებით. ასევე შეღავათებით გადასახადებზე სარგებლობს 424 საწარმო.

ხუთი წლის განმავლობაში, კანონის მიღებიდან დღემდე, სოციალური შეღავათებით სარგებლობს თითქმის 237,2 ათასი ბენეფიციარი, რაზეც გამოყოფილია 224,6 მლნ ლარზე მეტი.

გარდა ამისა, „მთის განვითარების ფონდისთვის" 2016 წლიდან გამოყოფილია 106 მლნ ლარი, აქედან დაახლოებით 50 მლნ დაიხარჯა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე; 2,9 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა მზის პანელების შესყიდვასა და მონტაჟზე 207 ოჯახისთვის იმ სოფლებში, რომლებსაც ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. 2,5 მლნ ლარით დაფინანსდა მაღალმთიან დასახლებებში სკოლა–პანსიონების მშენებლობა და რემონტი.

საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარებაში დაეხმარებიან>>

მაღალმთიანად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1,5 ათას მეტრზე ზემოთ მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევებში, რელიეფის, ბუნებრივი და დემოგრაფიული პირობების გათვალისწინებით, ეს სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის და ზემოთ მდებარე დასახლებამაც მიიღოს.

ყველა ახალი ამბავი
0