04:19 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (84)
77 0 0

სახალხო დამცველი თავის მთავარ ამოცანას ხედავს იმაში, რომ მხარეების მიმართ შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი და გამოძიების ობიექტურობას თვალი მიადევნოს

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურა თანახმაა გააცნოს საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მასალები. ამის შესახებ უწყებამ თავის ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა.

გიორგი შაქარაშვილის საქმე: დამატებითი ექსპერტიზა და პასუხგაუცემელი კითხვები >>

ეს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმეა. 19 წლის გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. იგი უკვალოდ გაქრა 18 ივნისს მცხეთაში მეგობრის დაბადების დღის წვეულების შემდეგ, რომელზეც სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა.

პროკურატურა იძიებს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის საქმეს. დაკავებულია 17 ადამიანი, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანი. მათ ბრალი ედებათ ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. პირველი წინასწარი მოსმენა 31 ივლისს არის ჩანიშნული.

„საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, ნებისმიერ ეტაპზე ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია სახალხო დამცველის აპარატთან. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს“, - განაცხადეს პროკურატურაში.

თავად სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ არ იმოქმედებს რომელიმე მხარის სასარგებლოდ, არამედ თვალს მიადევნებს გამოძიების ობიექტურობას.

„ჩვენი ჩართვის მიზანი არის მხარეთა უფლებების დაცვა, როგორც დაზარალებულის, ასევე ბრალდებულების, რომ გამოძიების პროცესში მათი საპროცესო უფლებები დაცული იყოს“, - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი შეხვდა გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, შემდეგ კი ლომჯარიამ მოუწოდა ყველა მედია საშუალებას ამ თემის გაშუქებისას დაიცვან ეთიკური ნორმები.

„სახალხო დამცველი არ არის ის ორგანო, რომელიც მედიასაშუალებებს ეტყვის, რა ფორმით ან როგორ მოიპოვონ ინფორმაცია. თუმცა, გარკვეული თხოვნა თუ რეკომენდაციები ყველა მოქალაქის თუ მედიასაშუალების მიმართ მაქვს, ვინც აღნიშნული საქმის გარშემო ავრცელებს ინფორმაციას. პირველ რიგში, ჩემი თხოვნა იქნება, პატივი ვცეთ ოჯახის პირად სივრცეს და არასასურველი გადაღებისგან დავიცვათ მათი ოჯახური და პირადი სივრცე“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ამავე დროს, ომბუდსმენის აპარატმა დაასრულა შეხვედრები ბრალდებულებთან, რომლებიც ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებენ. ორი მათგანისგან მიღებულია ინფორმაცია ზეწოლის შესახებ, რომელიც შეისწავლება. ერთ-ერთი ბრალდებული აცხადებს ფიზიკური, მეორე - ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ.

 

თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (84)

მთავარი თემები