მორიგი სპეცრეისი! თანამემამულეები პოლონეთიდან დაბრუნდებიან

© courtesy of Myway Airlines MyWay Airlines
 MyWay Airlines - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივლისში თანამემამულეები სამშობლოში ბარსელონიდან, რომიდან, პარიზიდან და ათენიდან ჩარტერული რეისებით დაბრუნდებიან – ბილეთის ღირებულება 200 ევროა.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები ვარშავიდან თბილისში მორიგი სპეცრეისით ორშაბათს დაბრუნდებიან – ავიარეისს კომპანია Myway Airlines განახორციელებს.

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველომ 21 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან. დღეს ვარშავა–თბილისის სპეცრეისით სამშობლოში 170 თანამემამულე დაბრუნდება. ამავე თვითმფრინავით პოლონეთში გაემგზავრებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოქალაქეები.

„თვითმფრინავი ვარშავაში 12:00 საათზე გაფრინდება. რეისს ქართული ავიაკომპანიის თვითმფრინავი Boeing 737-800 შეასრულებს. ხომალდი თბილისის აეროპორტში 20:05 საათზე დაბრუნდება", – ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი - Sputnik საქართველო
ვისაც საქართველოში დაბრუნება სურს! მთავრობამ ახალი სპეცრეისები დანიშნა

საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებას ავიაკომპანია Myway Airlines ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით განახორციელებს, ნათქვამია განცხადებაში. სამშობლოში დაბრუნებული თანამემამულეები კვლავინდებურად 14-დღიან კარანტინს გაივლიან.

ივლისში ასევე შესრულდება ოთხი სპეცრეისი ევროპის ქვეყნებიდან: 15 ივლისს – ბარსელონიდან, 17 ივლისს – რომიდან, 22 ივლისს – პარიზიდან, 28 ივლისს – ათენიდან. ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 200 ევროზე მეტი არ იქნება. ფრენებს ევროპის ქალაქებიდან შეასრულებენ ავიაკომპანიები Myway Airlines და Wizz Air.

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დანიშნულ ჩარტერულ რეისებს ნაწილობრივ, არაუმეტეს 261 ათასი ევროს ფარგლებში დაასუბსიდირებს.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. პანდემიის პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობით, სპეცრეისებით თანამემამულეთა სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნება უზრუნველყო. ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანია Georgian Airways ახორციელებდა. ბილეთის ღირებულება, რომელიც რეისამდე ორი დღით ადრე ონლაინ იყიდებოდა, 199 ევრო იყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, COVID-19-ის პანდემიის დროს სახელმწიფო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარა 12 720 თანამოქალაქეს, ხოლო ადგილზე დახმარება აღმოუჩინა 22 391 ადამიანს.

ყველა ახალი ამბავი
0