თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს საზღვრების მონიტორინგის კუთხით და კორონავირუსით დაავადებულთა გამოსავლენად, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საზღვრების გახსნის კომენტირებისას.
საქართველო სახმელეთო საზღვრებს ჯერჯერობით არ ხსნის >>
ოთხშაბათს გახდა ცნობილი, რომ საქართველო უახლოეს დროს გახსნის საზღვრებს გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვასა და ლატვიის მოქალაქეებისთვის. აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები უნდა ჩამოფრინდნენ პირდაპირი რეისით და საზღვრის გადმოკვეთამდე შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ ბოლო 14 დღის განმავლობაში თავიანთი მოგზაურობის ისტორია, სად აპირებენ კონკრეტულად საქართველოში გაჩერებას და ასევე, უნდა დატოვონ თავიანთი საკონტაქტო მონაცემები.
„საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, თუ როგორ ხდება საზღვრებზე მონიტორინგი და ყველა შემთხვევის გამოვლენა. აქედან გამომდინარე, კვლავ არის ისეთი მოლოდინი, რომ ჩვენ პროცესი სრულად კონტროლზე გვექნება აყვანილი, ეს არ იქნება საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არ გვექნება მასობრივი შიდა გადაცემები. აქედან გამომდინარე მივიღეთ ჩვენ სწორედ ის გადაწყვეტილება, რომ გარკვეულ ქვეყნებთან გვექნება ყველანაირად უპირობო მიმოსვლა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ტიკარაძემ აღნიშნა, რომ შესაბამის სამსახურებს მგზავრების შესახებ სრული ინფორმაცია ექნებათ. საქართველოში მათ თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.
ევროკავშირმა საქართველო ევროკავშირის არაწევრი 15 უსაფრთხო ქვეყნის ნუსხაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებისთვის ის თავის საზღვრებს 1 ივლისიდან ხსნის. საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები გაუხსნა შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლიეტუვამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ, მონტენეგრომ და რამდენიმე სხვა ქვეყანამ.