თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ისრაელში საქართველოს საელჩო თანამემამულეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ამ დროისთვის იმყოფებიან, გაფრთხილებას ავრცელებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ისრაელის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი ზომები დააწესა. დაიკეტა საბანკეტო დარბაზები, ბარები, ღამის კლუბები, სპორტული და საკონცერტო დარბაზები, საცურაო აუზები.
რესტორანში დაშვებულია ერთდროულად არაუმეტეს 20 ადამიანის შეკრება, დახურულ შენობაში კი ყოფნა შეუძლია არაუმეტეს 30 ადამიანს.
ისრაელში გასული კვირის ბოლოდან კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა შეინიშნება. კვირის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა ყოველდღიურად გამოვლენილი ახალი შემთხვევების რიცხვი და ბოლო ორ დღეში ათასს მიაღწია. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას საგანგებო უწოდა და ახალი შეზღუდვების შემოღების აუცილებლობაზე განცხადება გააკეთა.
ისრაელში ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების შემთხვევებმა 962-ით მოიმატა და ორშაბათის საღამოსთვის საერთო რიცხვმა 30749-ს მიაღწია. ბოლო დღეს სამი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 334-ს მიაღწია.