19:00 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (210)
57 0 0

რამდენიმე ათასი ექიმის გადამზადებაში საქართველოს დაეხმარებიან გაეროს განვითარების ფონდი და შვედეთის მთავრობა.

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველო ჯანდაცვის სფეროს გასაძლიერებლად ციფრულ ტექნოლოგიებს გამოიყენებს და ახალი სასწავლო სისტემის დახმარებით ინფექციურ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის საკითხებზე რამდენიმე ათას ექიმს გადაამზადებს, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პრეს-სამსახური.

შემოდგომაზე ეპიდემიოლოგები კორონავირუსის ინფექციის მეორე ტალღის აფეთქებას პროგნოზირებენ. ცენტრში აცხადებენ, რომ საქართველომ ზომების მიღება უკვე დაიწყო და იმ მედპერსონალის მომზადებას შეუდგა, რომლებიც პანდემიასთან ან სხვა ვირუსულ დაავადებებთან ბრძოლაში წინა ხაზზეა. 

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა მხარს უჭერენ საქართველოს ჯანდაცვას და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 4 ათასი თანამშრომლის გადამზადების პროცესში.

პროექტი შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება, რომელმაც ამისთვის 150 ათასი აშშ დოლარი გამოყო.

„საქართველო წარმატებით გაუმკლავდა პანდემიის პირველ ტალღას, თუმცა კრიზისი ჯერ კიდევ გრძელდება და საბოლოო წარმატებაზე საუბარი ნაადრევია. ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერება და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ამაღლება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომლის შესასრულებლად საჭიროა გაკეთდეს ყველაფერი, რაც ჩვენს ხელთაა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ახალი ინიციატივა ქვეყანას დაეხმარება არა მარტო მიმდინარე პანდემიასთან ბრძოლაში, ასევე დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის სისტემის გაძლიერებაში, რაც საქართველოს ჯანდაცვას გრძელვადიან დადებით შედეგს მოუტანს.

UNDP-ს და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი შექმნის ონლაინ–სწავლების პლატფორმას ექიმების, ექთნებისა და ადმინისტრაციული სამედიცინო პერსონალის გადამზადებისა და სერტიფიცირებისთვის. ონლაინ–პლატფორმა ასევე საგრძნობლად გაამარტივებს გამოცდილების გაცვლისა და პროფესიული კონსულტაციის მიღების პროცესს. 

ამ მექანიზმის გამოყენებით მედიკოსები აიმაღლებენ პროფესიულ კვალიფიკაციას ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის საკითხებში და მიიღებენ პროფესიულ რჩევებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებისგან.

„საქართველოს ექიმების პროფესიონალიზმი და თავდადება პანდემიის დროს პატივისცემასა და აღფრთოვანებას იმსახურებს. ახალი სასწავლო სისტემა ხელს შეუწყობს მათი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას. გარდა ამისა, ის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის ქვეყნის რეგიონებში, სადაც სამედიცინო პერსონალს ხშირად ხელი არ მიუწვდება აუცილებელ რესურსებზე“, – განაცხადა UNDP-ს ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

ახალი ინიციატივა საქართველოს მასშტაბით 37 სამედიცინო დაწესებულებასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 60 რეგიონულ წარმომადგენლობას მოიცავს.

4 ათასი ექიმიდან, რომლებიც გადამზადებას გაივლიან, 3 ათასი კლინიკების თანამშრომელია, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობაში არიან ჩართული, ხოლო ათასი – მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელი.

ტრენინგს ასევე გაივლიან სამედიცინო პერსონალისთვის შექმნილი სპეციალური „ცხელი ხაზის“ ოპერატორებიც.

ონლაინ–სასწავლო პლატფორმის მუშაობა განხორციელდება როგორც ვებ–პროგრამით, ისე მობილური აპლიკაციების მეშვეობით. პლატფორმაში იქნება საძიებო სისტემა და ვირტუალური ჩატბოტი. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ასევე შეიმუშავებს სახელმძღვანელოებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ისეთ კრიტიკულ სფეროებში, როგორიცაა ინფექციური დაავადებების პრევენცია და კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში, გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა და არაინფექციური დაავადებების პრევენცია და კონტროლი.

„საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში ინვესტირება ქვეყნის განვითარებაში ინვესტირების ტოლფასია. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით საქართველოს მთავრობა შეძლებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას, რაც კრიზისის დროს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას მოემსახურება“, – აღნიშნა საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ, შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ერიკ ილესმა.

საქართველოს ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის ხელშეწყობა მმართველობის რეფორმის უფრო ფართო მხარდაჭერის ნაწილია, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. ამ ექვსწლიანი პროგრამის მთლიანი ღირებულება 5 მილიონ დოლარს შეადგენს.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (210)

მთავარი თემები