14:21 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
101 0 0

საქართველოში ამჟამად 12 ათასზე მეტი მეზღვაურია, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის დროშით მცურავ გემებზე არიან დასაქმებული.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საპორტო ქალაქ ბათუმში საზეიმოდ აღნიშნეს მეზღვაურის საერთაშორისო დღე, ღონისძიებაში საქართველოს პერმიერ-მინისტრი გიორგი გახარია მონაწილეობდა.

შეკრებილთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას გახარიამ განაცხადა, რომ შავი ზღვა და მეზღვაურები – საქართველოს მომავალია. პრემიერის თქმით, ქვეყანა ვერ შეძლებს ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქციის შესრულებას პროფესიონალი მეზღვაურებისა და ძლიერი და განვითარებული საზღვაო ინფრასტრუქტურის გარეშე. 

„შავი ზღვა არის ამ ქვეყნის მომავალი. ეკონომიკურად, პოლიტიკურად, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობისთვის შავი ზღვა არის საქართველოს კარიბჭე და შავი ზღვა არის საქართველოს მომავალი. შავი ზღვა თუ საქართველოს მომავალია, მეზღვაურიც არის მომავლის პროფესია. გილოცავთ მეზღვაურის საერთაშორისო დღეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით წარმატებას ვერ მიაღწევს, თუ საქართველოში მეზღვაურის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული არ იქნება.

„იცით, რომ გლობალური პანდემიის პირობებში საგარეო ვაჭრობის 90%-ზე მეტი საზღვაო გადაზიდვებზე მოდის. თქვენ რომ არ ყოფილიყავით, ფაქტობრივად, მსოფლიო გაჩერდებოდა. თქვენი კარგად გვესმის და მინდა დღეს, განსაკუთრებით ამ კრიზისში, ეს დღე მოგილოცოთ“, – აღნიშნა გახარიამ.

საქართველოში ამჟამად 12 ათასზე მეტი მეზღვაურია, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის დროშით მცურავ გემებზე არიან დასაქმებული. პრემიერმა მეზღვაურებს, რომლებიც ახლა შორეულ ნაოსნობაში იმყოფებიან, მშვიდობიანად დაბრუნება უსურვა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალის მშენებლობაა დაწყებული. მისი თქმით, აკადემია ღირსეულ კადრებს ამზადებს, რომლებზეც გლობალურ დონეზე დიდი მოთხოვნაა.

მეზღვაურის საერთაშორისო დღე 2010 წელს მანილაში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის – IMO-ს დიპლომატიურ კონფერენციაზე დაწესდა. მსოფლიოში ამ დღეს ყოველწლიურად 25 ივნისს აღნიშნავენ.

მთავარი თემები