17:29 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
792 0 0

საქართველოს პრემიერის განცხადებით, იგი არ აპირებს თანამდებობის დატოვებას და პასუხისმგებლობას გრძნობს იმაზე, რასაც აკეთებს.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არ გეგმავს თანამდებობის დატოვებას.

„დიახ, მე ვიქნები პრემიერი“, – განაცხადა გახარიამ ჟურნალისტის კითხვაზე, 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე იგი ისევ იქნება თუ არა მთავრობის მეთაური. 2019 წლის 20 ივნისს გამართული საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა, რომელიც მომიტინგეთა დაშლით დასრულდა. მაშინ გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა და მიტინგის დაშლის ოპერაციას ხელმძღვანელობდა. 

ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ გახარიას გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – პრემიერი პოსტს 20 ივნისამდე დატოვებს. ტელეკომპანია ასევე იუწყება, რომ პრემიერის გადადგომა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 1 ივნისს გამართულ შეხვედრაზე მოითხოვა, თუმცა გახარიამ თანამდებობის დატოვებაზე უარი განაცხადა.

„ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ და რა მიზნით ვრცელდება ეს ხმები. მინდა, მადლობა გითხრათ, რომ უკვე იმუნიტეტი შემძინეთ. იმდენად ხშირად სვამთ ამ კითხვას, რომ ამაზე არანაირი რეაქცია აღარ მაქვს. საბოლოო ჯამში, კონცეპტუალურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის, ვიქნები მთავრობაში, ვიქნები ხელმძღვანელი, თუ ფერმერი, მე ჩემს საქმეს ყველგან გავაკეთებ. უკიდურესად მნიშვნელოვანია და პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმაზე, რასაც ვაკეთებ. ამიტომ გპასუხობთ: 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2019 წლის სექტემბერში გახდა მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან მის გადადგომას თბილისის ცენტრში გამართულ მიტინგებზე სამი თვის მანძილზე ითხოვდნენ.

გახარიას თანამდებობიდან გადადგომა იყო სამოქალაქო აქტივისტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომლებიც მას ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მინისტრობის დროს 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას მან უფლებამოსილებას გადაამეტა. იმ ღამით აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა.

მთავარი თემები