10:25 15 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4817
  • 100 RUB4.3094
  • USD3.0633
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
85 0 0

ამ დროისთვის გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების დაწყების თაობაზე შევიდა 279 განაცხადი, უკვე შემოწმდა 191 ობიექტი, რომელთაგან 164 შემთხვევაში კლინიკას საქმიანობის განხორციელების უფლება მიეცა.

თბილისი, 21 მაისი - Sputnik. 22 მაისიდან საქართველოში სტომატოლოგიური კლინიკები პაციენტების გეგმურ მომსახურებას განაახლებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პარალელურად გაგრძელდება 11 მაისიდან დაწყებული მონიტორინგი, რომლის მიზანია COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულებების მიერ რეკომენდაციების შესრულების შემოწმება.

საქართველოში სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები დღეს პირველ კლიენტებს მიიღებენ >>

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის სააგენტოში გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების დაწყების თაობაზე შევიდა 279 შეტყობინება,  უკვე შემოწმდა 191 ობიექტი, რომელთაგან 164 შემთხვევაში კლინიკას საქმიანობის განხორციელების უფლება მიეცა.

რაც შეეხება ტარიფებს, როგორც სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ქეთი გოგილაშვილმა განაცხადა, კლინიკების დიდ ნაწილს მომსახურების გაძვირება მოუწევს, რადგან მათთვის დაწესებული ახალი რეგულაციები გარკვეულ ფინანსურ დანახარჯს ითვალისწინებს.  მაგალითად, საჭიროა რესპირატორები, ბარიერები, თერმოსკრინინგის აპარატი და სხვა ინვენტარი, რომელსაც COVID-19-ის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციები ითვალისწინებს.

ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, კლინიკების ნაწილმა აღნიშნული ხარჯი ცალკე ტარიფში ასახა. მაგალითად, უკვე არის შემთხვევები, როდესაც კლინიკები მომხმარებლისგან მომსახურების საფასურის გარდა 20 ლარის გადახდას ითხოვენ. თუმცა  თითოეული სამედიცინო დაწესებულება თავად იღებს ფინანსურ გადაწყვეტილებებს.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო, 22 მაისამდე, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აკრძალული იყო.

მიღებული რეკომენდაციების თანახმად, დაწესებულება აღჭურვილი უნდა იყოს ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაციის სისტემით, ბორმანქანებს შორის ოთხმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული, რეგისტრატურასთან უნდა განთავსდეს მინის დამცავი ბარიერი.

გარდა ამისა, კლინიკაში უნდა იყოს ინფექციების პრევენციასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირი, პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი დამცავი საშუალებებით, მათ შორის N95 ან უფრო მაღალი დაცვის დონის რესპირატორით.

რიგში კაფე-რესტორნებია: როგორ იმუშავებენ საზკვების ობიექტები საქართველოში? >>

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 721 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 485 ადამიანი, გარდაიცვალა 12, ხოლო კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3614 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  316 პაციენტია.

მთავარი თემები