07:15 03 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4366
  • 100 RUB4.4862
  • USD3.0772
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
8610

მსოფლიოში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, მე-12 კალსელებს წელს არ ჰქონდათ არც ბოლო ზარი, არც მარკერებით აჭრელებული თეთრი პერანგები და ეროვნული გამოცდებისთვისაც უჩვეულო გარემოში უწევთ მომზადება... წლევანდელი სკოლადამთავრებულები თავიანთ ემოციებზე და განცდებზე გვესაუბრნენ.

„სკოლა რომ დავიწყეთ ომი იყო, დავამთავრეთ და კორონა, უნივერსიტეტის დაწყებისას რა გველოდება კიდევ  ვინ იცის“  -  ხუმრობენ ბავშვები და სევდანარევი იუმორით აგრძელებენ ჩემთან საუბარს.

წლევანდელი მე-12 კლასელებისთვის გუშინ წესით ბოლო ზარი სკოლებში უნდა დარეკილიყო, თუმცა პანდემიის პირობებში ეს შეუძლებელი გახდა. არადა წლების განმავლობაში ბავშვებისთვის ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნებოდა.

„მთელი თორმეტი წელი ველოდებოდი ამ დღეს, ჩემი დიდი დის და უფროსი მეგობრების ბოლო ზარს რომ ვესწრებოდი, ერთი სული მქონდა ჩემი დღე როდის დადგებოდა, ისე მომწონდა ეს ტრადიცია. მაგრამ აბაა...  დღეს დილით კიდევ ჩემი კლასელების მისალოცი ვიდეოები რომ ვნახე, ცუდ ხასიათზე დავდექი და ვიტირე“ - სინანულით მიყვება ჩემი მეგობარი და საუბრის მანერაზეც ეტყობა, რომ ძალიან გულნატკენია.

წელს არ ყოფილა არც ბოლო ზარი, არც თეთრი პერანგები, არც პერანგებზე წაწერილი ფერადი ტექსტები, არც სკოლის ჰიმნები, არც ბანკეტები და მოკლედ არაფერი კარგი, რაც სკოლის დამთავრებას ახლავს ხოლმე.

წელს მხოლოდ ვიდეოჩანაწერით ულოცავდნენ ერთმანეთს, მოსწავლეები თუ მასწავლებლები სკოლის დამთავრებას. ვიდეოს სახით მიულოცეს აბიტურიენტებს, ცნობილმა მსახიობებმა, სპორტსმენებმა, მუსიკოსებმა...

მოსწავლეებს სკოლის დასრულება განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმაც მიულოცა.  „თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით! წარამტებებს გისურვებთ ამ საინტერესო გზაზე!“ - მიმართა მინისტრმა მე-12 კლასელებს.

ზოგის სახლში ბოლო ზარი მხოლოდ ზუმის მეშვეობით გაისმა, ზოგიც კი საერთოდ არ დაესწრო ბოლო ონლაინ გაკვეთილს.

ასეთი ზარით მიულოცა დირექტორმა, ჩემი მეგობრის, ანის კლასსაც სკოლის დამთავრება. 

„სხვა დამამთავრებელი კლასების ბოლო ზარებს რომ ვუყურებდი სკოლის ეზოში, სულ ვცდილობდი გავპარულიყავი ხოლმე, ჩავრბოდით მე და ჩემი კლასელები მარკერებით ხელში და ვინც კი ნებას მოგვცემდა ყველას ვაჭრელებდით ბანალური მისალოცი ტექსტებით.  პანდემიის დაწყებამდე რამდნიმე თვით ადრეც კი გვქონდა დაგეგმილი რას ვიზამდით, ვინ რას დავიხატავდით თეთრ პერანგებზე თუმცა არ გამოვიდა.“- მიყვება ანი.

მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე იყო ბოლო ზარი სკოლაში...

მახსოვს ორი წლის წინ, როგორ ვემაზდებოდით ტრადიციული ღონისძიებისთვის. ღამღამობითაც კი  ვიკრიბებოდით სკოლაში ხოლმე და ისე ვგეგმავდით ყველაფერს.

ბოლო ზარის შემდეგ ბანკეტისთვის მზადება: გოგონები კაბებს არჩევნდნ, ბიჭებს  უფრო მეტი საფიქრალი გვქონდა და ტანსაცმელთან ერთად მანქანის მოდელზეც ვფიქრობდით.

წლევანდელი აბიტურიენტების ახლანდელი საფიქრალი კი მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდებია. თუმცა, როგორც ბავშვები ამბობენ ონლაინ სწავლების ფონზე ბევრს ძალიან გაუჭირდა გამოცდებისთვის კარგად მომზადება და შექმნილი ეკონიმიკური ვითარების გამო, არც საშუალება აქვთ, რომ დამოუკიდებლად მოემზადონ მასწავლებლებთან.

„სწავლა წელს განსაკუთრებულად გაგვიჭირდა, არიან ბავშვები, რომლებისთვისაც ზოგიერთი საგანი ცოტა რთულად გასაგებია, ამიტომ განსაკუთრებულია ახსნა სჭირდება ხოლმე, სკოლაში ეს პრობლემას არ წარმოადგენდა მაგრამ ონლაინ გაკვეთილებზე თითქმის შეუძლებელია“  - ამბობენ ბავშვები.

ეროვნული გამოცდის ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, ეროვნული გამოცდების ფორმატის ცვლილება არ განიხილება, ერთადერთი რაც შეიძლება შეიცვალოს არის თარიღი. რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ ამას ეპიდსიტუაცია მოითხოვს.

გამოცდის ზუსტი თარიღი უწინდებურად, ივნისში გამოცხადდება, იქამდე კი მეთორმეტე კლასელებს საკმარისი დრო აქვთ მოსამზადებლად. 

ამ თაობას, ცხოვრების ყველა გზაზე პრობლემა შეეჩეხათ წინ, თუმცა ყველაფერი დაძლიეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნულ გამოცდებსაც მარტივად დაძლევენ და თაობებს შორის საუკეთესო შედეგს დადებენ.

მთავარი თემები