05:31 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2132)
378 0 0

ეპიდემიოლოგები მეორე ტალღას ნოემბრის ბოლოს ელოდებიან, თუმცა იმედს გამოთქვამენ, რომ მანამდე შეიქმნება ვაქცინა ან ეფექტური ანტივირუსული პრეპარატი.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მოქალაქეებს შემოდგომაზე გრიპის აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს, რათა ერთდროულად ორი ვირუსით დაავადება აიცილონ თავიდან.

მისი სიტყვებით, ამან შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს მდგომარეობა.

„ამიტომაც ჩვენ გრიპის ვაქცინის შესყიდვას ვაპირებთ, რათა არ მოხდეს კორონავირუსის და გრიპის ერთობლივად შეტევა. რაც უფრო მეტი ადამიანი დაავადდება, მით უფრო მეტად გადაიტვირთება სამედიცინო სისტემა. ჩვენ მიზანია – ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემამ ყველაზე ზრუნვა შეძლოს“, – განაცხადა იმნაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“

კითხვაზე, გრიპის აცრა სავალდებულო გახდება თუ არა, იმნაძემ უპასუხა, რომ მსოფლიო ბაზარზე უკვე შეინიშნება აღნიშნული ვაქცინის დეფიციტი და გამორიცხული არაა, რომ ყველა მსურველის დაკმაყოფილება ვერც კი მოხდეს. თუმცა, რისკ-ჯგუფებისთვის, რომელშიც შედიან ორსულები, ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იქნება.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, შემოდგომის მეორე ნახევრიდან კორონავირუსის მეორე ტალღაა მოსალოდნელი. დიდია ალბათობა იმისა, რომ ზამთარში ეს ვირუსი განსაკუთრებით გააქტიურდება. მისი სიტყვებით, კორონავირუსი ერთი წლის განმავლობაში არსად წავა.

ეპიდემიოლოგები მეორე ტალღას ნოემბრის ბოლოს ელოდებიან, ისინი არ გამორიცხავენ, რომ იქნება კორონავირუსის აფეთქების მესამე და მეოთხე ტალღა. იმნაძეს იმედი აქვს, რომ მანამდე შეიქმნება ვაქცინა ან ეფექტური ანტივირუსული პრეპარატი. 

მისი სიტყვებით, ის, რაც ახლა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხდება, მაგალითია იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა არ დაიჯერებს კორონავირუსის არსებობას და მას ისე აღიქვამს, როგორც ჩვეულებრივ გრიპს.

იმნაძის თქმით, ხატისოფელი და მუშევანი პატარა სოფლებია, თუმცა, თუ მათ განვიხილავთ ვირუსის გავრცელების დინამიკის მიხედვით, ეს თითქის იგივეა, რაც იტალია. ამიტომაც აღნიშნულ სოფლებში ამ დროისთვის მკაცრი კარანტინი მოქმედებს.

კორონავირუსი ბოლნისში მარნეულიდან გავრცელდა, აღნიშნა იმნაძემ, თან დასძინა, რომ თუ ადამიანები ვირუსის არსებობას არ ირწმუნებენ, მარტო შეზღუდვებით სიტუაციის გაკონტროლება რთული იქნება, რამდენადაც შეუძლებელია თითოეული მოქალაქისთვის პოლიციელის მიჩენა. ადამიანებმა სრულად უნდა გააცნობიერონ საფრთხე და "მეზობელთან უკანა ჭიშკრიდან არ უნდა გადავიდნენ".

მთავრობის ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსი 701 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 432 პაციენტი, გარდაიცვალა 12.  კარანტინში იმყოფება 3 787 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 337 პაციენტია.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2132)

მთავარი თემები