06:07 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1148)
99 0 0

ამჟამად საქართველოში კორეაში შეძენილ ავსტრიულ სწრაფ ტესტებს იყენებენ, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ მათ ჩვენებაზე ბოლომდე დაყრდნობა არ შეიძლება

თბილისი, 13 მაისი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განმარტა, რა ფაქტორებს ითვალისწინებს უწყება კორონავირუსის ტესტების შეძენისას.

პირველ რიგში, ტესტები დარეგისტრირებული უნდა იყოს ქვეყანაში. რეგისტრაცია ერთგვარი ფილტრია - უთითებს მწარმოებელს, ქვეყანას და ა.შ., აღნიშნა გაბუნიამ.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრი, მსოფლიო ბანკი და სხვა დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყანას ტესტების შეძენაში ეხმარებიან, საიმედო მომწოდებლების სარეკომენდაციო სიას აქვეყნებენ.

„რასაკვირველია, გარკვეული რისკები ყოველთვის არსებობს, ტესტების სპეციფიკა და მგრძნობელობა ანტისხეულებზე ისედაც არ არის ასპროცენტიანი. ყველა ამ ტესტს თავისი მახასიათებელი აქვს“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, შეუძლებელია წინასწარ პროგნოზირება, როდის და რომელი მომწოდებლის მიმართ გაჩნდება კითხვა.

ამ მომენტისთვის საქართველოში კორეიდან შემოტანილი 50 ათასი სწრაფი ტესტია, რომელთა მწარმოებელი ქვეყანა ავსტრიაა.

პსრ-ტესტი ორგანიზმში ვირუსის არსებობას ბიოლოგიური მასალის კვლევის გზით ავლენს და უფრო ზუსტ შედეგს იძლევა. საქართველოში მას კორონავირუსით ინფიცირების პრაქტიკულად პირველივე დღიდან იყენებენ. ეს ტესტი ვირუსს ავლენს ინფიცირებისთანავე, მანამ, სანამ სიმპტომები იჩენს თავს.

მეორენაირი ტესტი არის სწრაფი ანუ ექსპრეს-ტესტი, რომელიც ავლენს კორონავირუსის ანტისხეულებს. ამ ანტისხეულებმა ინფიცირებიდან მე-3-მე-7 დღეს შეიძლება იჩინონ თავი. ანუ ექსპრეს-ტესტი შედეგს პირველივე დღეებში არ იძლევა. სწრაფი ტესტების მეშვეობით შესაძლებელია ასევე დადგენა, გადაიტანა თუ არა ადამიანმა ვირუსი.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა რვა ადამიანით გაიზარდა, ნათქვამია სამთავრობო ვებგვერდ stopcov.ge-ზე. დღეისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 647 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელებულია 372 პაციენტი. 11 გარდაიცვალა. კარანტინშია 4 461 ადამიანი, სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ - 394. სამი მოქალაქე სამკურნალოდ საზღვარგარეთიდან ჩამოიყვანეს.

გუშინ, საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან პირველად, ერთ დღეში მხოლოდ ერთი ინფიცირებული გამოვლინდა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1148)

მთავარი თემები