20:37 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1202)
716 0 0

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ კომენდანტის საათმა მთავრობას  მოსახლეობის მობილურობის შემცირების შესაძლებლობა მისცა.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. კომენდანტის საათი ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია და არავინ თქვას, რომ მისი მოხსნა არ იქნება ცდუნება, ესტუმრონ ახლობლებს, გაშალონ სუფრა და დრო გაატარონ, განუცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და ის 22 მაისამდე გაგრძელდება. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

„ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ არის ამდენი კითხვა კომენდანტის საათთან დაკავშირებით; გასაგებია, რომ ეს ყველაფერი მოქალაქეებისთვის დისკომფორტია, თუმცა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ამ შეზღუდვის არსებობა საკმაოდ გამართლებულია და მან შედეგები გამოიღო, ისევე, როგორც სხვა შეზღუდვებმა – იგივე ფრენების შეჩერებასა და ავტომანქანებში სამკაციან შეზღუდვასთან დაკავშირებით, რაზეც ასევე კითხვები არსებობს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, კომენდანტის საათმა მთავრობას  მოსახლეობის მობილურობის შემცირების შესაძლებლობა მისცა.

„საღამო არის სწორედ ის პერიოდი, როდესაც ადამიანებს გართობის მიზნით ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ, დადიან ნათესავებთან, მეგობრებთან ჯგუფებად. კომენდანტის საათის შემოღების მიზანი იყო სოციალური დისტანციის გაზრდა, კომუნიკაციის მაქსიმალურად თავიდან აცილება, რადგან იმ პირობებში, როდესაც ბარები, კაფეები, რესტორნები დახურულია, ასეთი ტიპის აქტივობები, როგორც წესი, ინაცვლებს ოჯახებში, სადაც სოციალური დისტანციის კონტროლი და შესაბამისი წესების დაცვა გაცილებით რთულია“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით,  გარდა ამისა, კომენდანტის საათი ე.წ. ბირჟებისა და თავყრილობების პრევენციისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

მთავრობა კორონავირუსის საფრთხის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ექვს ეტაპად აპირებს. ამავე დროს, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია გაუქმებული შეზღუდვების ხელმეორედ დაწესება, ასევე მომდევნო ეტაპის ვადების გადახედვა.

5 მაისიდან იხსნება შეზღუდვა ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გასვლაზე, თუმცა კარანტინის საათის მოქმედება და ყველა სხვა შეზღუდვა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქმედებს, ამ ქალაქებშიც ძალაში რჩება. ბათუმისა და ქუთაისის შესასვლელებში დარჩება მოწყობილი საგუშაგოები, სადაც ქალაქებში შემავალ ადამიანებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე აღდგება შესვლა-გასვლა თბილისსა და რუსთავში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 593  ადამიანს დაუდგინდა. კორონავირუსის დიაგნოზით თურქეთიდან და სომხეთიდან საქართველოს სამი მოქალაქე გადმოიყვანეს. გამოჯანმრთელდა 223 ადამიანი, გარდაიცვალა – 9, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4887, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 500 პაციენტია.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1202)

მთავარი თემები