15:55 06 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1143)
174 0 0

ყვარლის საავადმყოფოს დაინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრებსა და 147 საკონტაქტო პირიდან 62 ადამიანს უკვე ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა და პასუხები უარყოფითია. კვლევები გრძელდება.

თბილისი, 3 მაისი – Sputnk. კახეთში ინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრებსა და კონტაქტში მყოფ 62 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ორ მაისს, კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. კახეთიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 325 პირის ნიმუში გააგზავნეს და კორონავირუსი მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა. Covid-19 ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ ყვარლის საავადმყოფოს დაინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრებსა და 147 საკონტაქტო პირიდან 62 ადამიანს უკვე ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა და პასუხები უარყოფითია.

მისივე თქმით, კვლევა დანარჩენ პირებზეც გრძელდება.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ლაგოდეხის „ცხელების ცენტრში“ შაბათს მოთავსებული მამაკაცის ნიმუშის ტესტირების პასუხიც უარყოფითია.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ყვარლის შესაძლო ჩაკეტვა ან ზომების გამკაცრება არ იგეგმება.

„დღეს ამის არავითარი მოლოდინი არ არის. ჩვენ გუშინაც ვსაუბრობდით, რომ შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე. დღევანდელი დილის კვლევებით, რაც ვიცით, არც ერთი ახალი შემთხვევა არ დასტურდება, მხოლოდ და მხოლოდ ერთი არსებული შემთხვევა გვაქვს. ამიტომ, რეჟიმი არ იცვლება. ეპიდემიოლოგები და სხვა კომპეტენტური ორგანოები აგრძელებენ ყველა კონტაქტის საბოლოოდ გადამოწმებას, რომ არც ერთი გადაუმოწმებელი ფაქტი არ დაგვრჩეს. ამ ეტაპზე 147 კონტაქტია გამოკვეთილი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, რეგიონში მოსახლეობის თერმოსკრინინგი გრძელდება, განსაკუთრებით კი მოწყვლად ჯგუფებში, როგორებიც არიან ექიმები, პოლიციელები და ასე შემდეგ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისათვის, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 589-ს აღწევს. აქედან გამოჯანმრთელდა 215 ადამიანი, რვა პაციენტი გარდაიცვალა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1143)

მთავარი თემები