თბილისი, 1 მაისი – Sputnk. კორონავირუსი მთლიანად არ გაქრება, იქნება ინფიცირების შემთხვევები, მაგრამ იმ რაოდენობით, რომ იგი არ გამოიწვევს ცხოვრების პარალიზებასა და საგანგებო ზომების აუცილებლობას, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
„ეს ეპიდემია მთლიანად არ გაქრება. ჩვენ უნდა შევძლოთ ეპიდემიის დაღმავალი გზით წარმართვა მას შემდეგ, რაც იგი პიკს მიაღწევს და შემდეგ 2–3 კვირა იქნება პლატო. ამაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მთელი მოსახლეობის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის დონეს. ასეთ შემთხვევაში ეპიდემია დაღმავალი გზით წავა და მართვადი იქნება. იქნება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, მაგრამ იმ რაოდენობით, რომელიც არ გამოიწვევს განგაშს, ცხოვრების პარალიზებას და საგანგებო ზომების მიღების აუცილებლობას. კორონავირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს“, - განაცხადა ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.
კითხვაზე, იზიარებს თუ არა სინგაპურის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში პანდემია ივნისის დასაწყისში დასრულდება, ცერცვაძემ განაცხადა, რომ მათემატიკური მოდელირებით გაკეთებული დასკვნების არ სჯერა, თუმცა ამ შემთხვევაში ქართველი ექიმების მოლოდინი სინგაპურელი მეცნიერების მოდელს ემთხვევა.
„სინგაპურის კვლევითი ინსტიტუტი ამბობს, რომ პანდემია 97%-ით ივნისში, 100%-ით კი ივლისში დასრულდება. გულწრფელად გეტყვით, არ მჯერა მათემატიკური მოდელირებების და ამ მეთოდებით გაკეთებული დასკვნებისა და შეფასებების. თუმცა ჩვენი ექსპერტული გამოცდილებით ჩვენც ზუსტად იმავეს ვფიქრობთ – ჩვენი მოლოდინი მათემატიკური მოდელით მიღებულ კვლევას დაემთხვა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მან აღნიშნა, რომ ყოველივე შედეგებით განისაზღვრება და, ადრე თუ გვიან, ყველა იძულებული გახდება აღიაროს, რომ ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის პოლიტიკა არის წარმატებული.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 566-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 184, გარდაიცვალა 6. კარანტინში იმყოფება 5 243 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 550. კორონავირუსის დიაგნოზით თურქეთიდან და სომხეთიდან საქართველოს სამი მოქალაქე გადმოიყვანეს.