09:04 23 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8086
  • 100 RUB4.1842
  • USD3.2181
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
177 0 0

„გაერთიანებული ქართული ბანკის“ თანამშრომელი სანდრო გირგვლიანი 2006 წლის იანვარში ოქროყანის სასაფლაოზე, თბილისის ერთ–ერთ ბარში შსს–ის მაღალჩინოსნებთან მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოკლული იპოვეს

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. გირგვლიანის მკვლელობა  იქცა პოლიტიკურ თემად და ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკურ პრობლემად, განაცხადა შსს–ს ყოფილმა მინისტრმა და ექს–პრემიერმა  ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი აქცენტები ნიკა გვარამიასთან". 

ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 2020 წლის 20 თებერვალს დატოვა.  მერაბიშვილი „ქართულმა ოცნებამ“ 2013 წლის მაისში დააკავა. მას ბრალი წაუყენეს ექვს რეზონანსულ საქმეზე. აქედან ხუთ საქმეზე მან სასჯელი მოიხადა და საერთო ჯამში საპატიმროში ექვსი წელი და ცხრა თვე გაატარა.

ვანო მერაბიშვილი გაასამართლეს ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის, 2011 წლის 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქციის დარბევის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა მოსყიდვის, ასევე 2005 წელს სპეცრაზმის თანამშრომლების მიერ პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის გამო და დამნაშავედ ცნეს გირგვლიანის მკვლელობის რეზონანსულ საქმეზე.

„გაერთიანებული ქართული ბანკის“ თანამშრომელი სანდრო გირგვლიანი 2006 წლის იანვარში ოქროყანის სასაფლაოზე, თბილისის ერთ–ერთ ბარში შსს–ის მაღალჩინოსნებთან მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოკლული იპოვეს. ბარში ინციდენტის დროს იმყოფებოდა ვანო მერაბიშვილის ოჯახის წევრიც.

„რაც შეეხება გირგვლიანის საქმეს, ვთვლი რომ უფრო მტკიცე უნდა ვყოფილიყავი, უნდა ამეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და უნდა გადავმდგარიყავი. ხელისუფლებაში ყოფნის დროს მივხვდი რომ არასწორად მოვიქეცი თანამდებობა რომ არ დავტოვე“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის განცხადებით, გირგვლიანის მკვლელობის საქმე იყო პირადი პრობლემაც, რადგანაც ბარში მომხდარი ინციდენტს მისი ოჯახის წევრიც ესწრებოდა. 

„რა თქმა უნდა, ამან სერიოზული ზიანი მიაყენა ჩემი ოჯახის კომფორტს, მაგრამ  მე არცერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს იმისთვის, რომ ამ პროცესებისთვის ხელი შემეშალა და ოპოზიციის ან მედიის მხრიდან ეს დარტყმა შემერბილებინა“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე 2006 წელს სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხ თანამშრომელს 7–დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოგვიანებით ისინი შეიწყალა და სასჯელის ვადა ორჯერ შეუმცირა. მოკლულის ოჯახმა მკვლელობაში ბრალდებულთა გათავისუფლების შემდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანა სარჩელი. 2011 წელს სასამართლომ საქართველოს მთავრობას გირგვლიანის ოჯახისთვის 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ხელახალი გამოძიება 2012 წელს დაიწყო. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და რამდენიმე მაღალჩინოსანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მერაბიშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ოფიციალურ დოკუმენტში მონაცემების ფალსიფიცირების გამო.

ამ საქმეზე უფლებამოსილების გადაჭარბებაში ბრალი წარედგინა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც.

მთავარი თემები