თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. ბარსელონიდან საქართველოს 177 მოქალაქე დაბრუნდა. სპეცრეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მსოფლიოში COVID-19-ის საშიში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, საზღვარგარეთ დიპლომატიურ მისიებთან კოორდინაციაში, უცხოეთში მყოფ ქვეყნის მოქალაქეებს აქტიურად ეხმარება. საჭიროების მიხედვით, მათ უზრუნველყოფენ საცხოვრებლით, საკვებითა და მედიკამენტებით. ასევე ეხმარებიან მათ სამშობლოში დაბრუნებაში.
ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, შემდეგ ისინი სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით აჭარაში განლაგებულ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს, რომლებიც განთავსებულია სასტუმროებში „ოაზისი“, „კოლიზეუმი“ და „ველმონდი“.
14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.
საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით საკარანტინო სივრცე ამ დროისთვის 84 სასტუმროში მოქმედებს. ამ საკარანტინო სივრცეებში ამჟამად 4949 ადამიანი იმყოფება.
ბილეთების ონლაინ გაყიდვა, როგორც წესი, ფრენამდე ორი დღით ადრე იწყება. ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. ყველა მგზავრი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ 14 დღით სავალდებულო კარანტინში თავსდება.
24 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 13,7 ათასზე მეტ მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 7,6 ათასი მოქალაქე. ავიარეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways („ჯორჯიან ეარვეისი“) ასრულებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 27 აპრილი - ვარშავა-თბილისი, 30 აპრილი - მადრიდი-თბილისი, 2 მაისი - პრაღა-თბილისი, 5 მაისი - ათენი-თბილისი, 7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი, 9 მაისი - ბერლინი-თბილისი. Georgian Airways-ის განცხადებით, ვარშავა-თბილისის სპეცრეისზე ავიაბილეთების გაყიდვა დღეს 12 საათზე დაიწყება.