თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ნაწილი შიდა გადაცემას და ოჯახურ კლასტერებს უკავშირდება, განაცხადა ჟურნალისტებთან ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა.
სოლოღაშვილის სიტყვებით, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსის ინფექციით 13 ადამიანი მკურნალობს, მათგან სამი – ახალი პაციენტია. ყველა ახალი შემთხვევა შიდა გადაცემაა, ინფიცირება ყველაზე ხშირად ოჯახის წევრებს შორის კონტაქტის შედეგად ხდება.
„დღეს ბოქსირებულ სექტორში 41 პაციენტი მკურნალობს, დადასტურებული დიაგნოზით – 13. მათ შორის სამი ახალი პაციენტია. გვყავს 18 წლამდე ექვსი პაციენტი. მათი მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებულად საყურადღებოა. 41 პაციენტიდან ოთხს ანალიზს აუღებენ და მათი პასუხები ხვალ იქნება ცნობილი“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.
მისი სიტყვებით, ყველა პაციენტის კლასტერი ცნობილია. კითხვაზე, პაციენტებს ჰქონდათ თუ არა კავშირი ეკლესიასთან, სოლოღაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა ახალი შემთხვევა უკავშირდება შიდა გადაცემას და არა ეკლესიას.
„ახალი პაციენტების ოჯახების ყველა წევრი შესაბამისი დიაგნოზით უკვე მკურნალობს და, რა თქმა უნდა, თვითიზოლაციაში იმყოფებიან. სამივე შემთხვევაში ინფიცირების წყარო ოჯახის წევრია. მათი მდგომარეობა სტაბილურია. კრიტიკული პაციენტი ჩვენ არ გვყავს“, – აღნიშნა სოლოღაშვილმა.
ბოლო დღე-ღამეში დამატებული შვიდი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას სიტყვებით, პაციენტი საკარანტინო ზონიდან გადმოიყვანეს. მოცემული შემთხვევა აშშ-ში მოგზაურობას უკავშირდება.
„შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი ჩვენთან იმყოფება – წყარო ამერიკაა. ჩვენს ცენტრში 195-დან ინფიცირებული იყო 69. გამოჯანმრთელდა და სახლში გაეწერა 29. მოცემულ მომენტში მკურნალობს 39 ინფიცირებული, მათგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ჯერჯერობით მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას თქმით, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
კორონავირუსით ინფიცირებულთა გამოჯანმრთელების პერიოდი საშუალოდ 20 დღე გრძელდება. თუმცა, პროცესი ინდივიდუალურია და შეიძლება უფრო დიდი პერიოდითაც გაგრძელდეს.
„საშუალოდ 20 დღე გრძელდება, მაგრამ შეიძლება 4–6 კვირაც გასტანოს“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
7 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 195-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 39. გარდაიცვალა 2. კარანტინში იმყოფება 4708 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 370 პაციენტია.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კარანტინია გამოცხადებული. ასევე მოქმედებს კომენდანტის საათი.