14:48 14 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4673
  • 100 RUB4.3180
  • USD3.0614
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)
224 0 0

საქართველოს მთავრობამ 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. ბოლნისიდან თბილისის პირველ საუნივერისტეტო კლინიკაში ფეხმძიმე ქალი გადაჰყავთ, რომელსაც სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია"

26 მარტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 77 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4346, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247 პაციენტია.

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მენეჯერის განცხადებით, ფეხმძიმე ქალს პირველადი ტესტით დაუდასტურდა Covid-19, თუმცა მას აუცილებლად ჩაუტარდება მეორადი გამოკვლევა ლუგარის ლაბორატორიაში. 

ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში ინფექცია ფეხმძიმე ქალს დაუფიქსირდა. 

საქართველომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენად განკუთვნილი 1000 ექსპრეს-ტესტი საჩუქრად გუშინ მიიღო.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სწრაფი ტესტებით უპირველესად მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას შეამოწმებენ, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. დღევანდელი მდგომარეობით, აღნიშნულ რეგიონებში 19 ათასამდე მოქალაქე შეამოწმეს. მოქალაქეების ზოგადი შემოწმება გრძელდება და დაწყებულია აგრეთვე შემოწმება სწრაფი ტესტით.

საქართველოს მთავრობამ 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის ერთ-ერთ შემთხვევას უკავშირდება – მარნეულის მკვიდრს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დედის დაკრძალვაზე და ქელეხზეც იმყოფებოდა, ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ქელეხზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. ინფექციის წყარო კი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

მარნეულსა და ბოლნისში, საკარანტინო რეჟიმის შესაბამისად, შეზღუდვებია დაწესებული. დაიხურა ყველა ობიექტი, იკრძალება მოქალაქეების მიერ რაიონების დატოვება, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში ჯამში 200 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

 

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)

მთავარი თემები