თბილისი, 26 მარტი – Sputnik. მარნეულიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით გადაყვანილ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 77-ს მიაღწია. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4346 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 10, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 247 პაციენტია.
ტურძელაძის განცხადებით, ჩვილის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია.
„რაც შეეხება ჩვილის მდგომარეობას, მისი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. რომ შემოვიდა, იყო კრიტიკულად მძიმე და ამ წუთში ითვლება, რომ არის საშუალო სიმძიმის. დინამიკა ძალიან დადებითია და ჩვენ ეს ძალიან გვიხარია“, – განაცხადა ექიმმა და დასძინა, რომ ტელეფონით ბავშვის ბაბუისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ მაღალი ტემპერატურა აღარ აქვს ბავშვის დედასაც.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი ხუთ ბავშვს დაუდასტურდა.
„საერთო რაოდენობიდან შეიძლება ჩაითვალოს, რომ 5 ბევრია, მაგრამ პედიატრიულ პაციენტებში ეს დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად. საქართველოში ყველა ბავშვის მდგომარეობა მიმდინარეობს მსუბუქად, არც ერთ ბავშვში ფილტვების ანთება არ დაფიქსირებულა. კორონავირუსი ბავშვებში არის იშვიათი და თუ მიმდინარეობს, მიმდინარეობს მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით“, – განაცხადა ჩხაიძემ.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. 21 მარტიდან 21 აპრილამდე კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.