ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია დაიწყო

© photo : Irakli Garibashvili / FBკარანტინი მარნეულში
კარანტინი მარნეულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელების ბევრი დასახლებაა, საინფორმაციო კამპანია სპეციალური ხმოვანი ავტომობილებით დაიწყო

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ბოლნისისა და მარნეულის ქუჩებსა და სოფლებში კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია დაიწყო, იუწყება პირველი არხი.

შეზღუდვები უკავშირდება საქართველოში კორონავირუსის ერთ-ერთი უკანასკნელი შემთხვევის დადასტურებას – მარნეულში ინფექცია აღმოაჩნდა 62 წლის ქალს, რომელიც დაკრძალვაზე იმყოფებოდა ათეულობით ადამიანთან კონტაქტში. მისი დაინფიცირების წყარო უცნობია. მიმდინარეობს მისი კონტაქტების მოძიება და შემოწმება.

მთელი დღის განმავლობაში მოძრაობს მანქანები, რომლებზეც დინამიკებია დამონტაჟებული და განცხადება კეთდება სამ ენაზე – ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ადგილობრივ მოსახლეობას ატყობინებენ, რომ მარნეული მკაცრ საკარანტინე ზონად გამოცხადდა და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ, ტემპერატურის მომატების შემთხვევაში კი საავადმყოფოში მისვლისკენ მოუწოდებენ.

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
პაატა იმნაძე: კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ რამდენიმე პაციენტი გასაწერად ემზადება

ბოლნისში კი მოხალისეების ჯგუფი ხმის გამაძლიერებლის საშუალებით სამ ენაზე ადგილობრივებს საკარანტინო რეჟიმის ამოქმედებასა და ვირუსთან დაკავშირებით, პრევენციული ღონისძიებების შესახებ ატყობინებს.

„ჩვენ, ახალგაზრდები ჩავერთეთ მუნიციპალიტეტის მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიაში. ყველა დასახლებულ პუნქტში ვახდენთ ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მოსახლეობის ინფორმირებას, რათა მათ ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დარჩნენ სახლში და დაიცვან მაქსიმალურად მიცემული რეკომენდაციები“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოხალისემ, გიორგი მეშველიანმა.

თბილისის ქუჩებში სპეციალური ხსნარით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება >>

საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოცხადდა. მარნეულსა და ბოლნისში საკარანტინო რეჟიმის შესაბამისად, შეზღუდვებია დაწესებული.  დაიხურა ყველა ობიექტი, იკრძალება მოქალაქეების მიერ რაიონების დატოვება, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი არის მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. შეზღუდვები არ მოქმედებს სატვირთო ავტომობილებზე. მათ დეზინფექციას უტარებენ და ისინი პოლიციის თანხლებით ტოვებენ საქართველოს ტერიტორიას. რაც შეეხება მარნეულს, აქ საველე ჰოსპიტალი შეიქმნა. 

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 67–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 9, კარანტინში იმყოფება  4055  მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0