თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 67 პაციენტიდან ოთხი მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალბატონის ოჯახის წევრია, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი წყაროები აღმოჩნდნენ, ეს ქვეყნებია თურქეთი და აშშ.
„ოთხი ადამიანი არის მარნეულელი ქალბატონის ოჯახის წევრი, რომელიც არის თბილისში ჰოსპიტალიზებული. მარნეულში გამოკვლეული იქნა იმ საავადმყოფოს სხვა პაციენტები და პერსონალი, სადაც ეს ქალბატონი იწვა და ამ ეტაპზე ყველა მათგანს ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ დანარჩენ პაციენტებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე მათგანს გასაწერად ვამზადებთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
იმნაძის განმარტებით, მწვავე რესპირატორული სინდრომის მქონე პაციენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებიან. ქართველი მედიკოსები სწრაფი ტესტების შემოტანას ელოდებიან, რაც კარანტინში მყოფ რაიონებში ეპიდვითარების გაკონტროლებას შესაძლებელს გახდის.
„ტესტის პასუხი ცნობილი 15–30 წუთში გახდება. ისინი განსაკუთრებით ეფექტურია მასობრივი ტესტირების დროს, რაც ჩვენ განსაკუთრებით გამოგვადგება ორ რაიონში – ბოლნისსა და მარნეულში“, – განაცხადა იმნაძემ.
საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოცხადდა.
24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 67-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 9, კარანტინში იმყოფება 4055 მოქალაქე, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.