თბილისი, 24 მარტი — Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უცხოეთში გარდაცვლილი თანამემამულეების გადმოსვენების პროცედურის განხორციელება არ შეუძლია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საგარეო უწყებაზე დაყრდნობით.
ესპანეთში კორონავირუსის შედეგად საქართველოს უკვე სამი მოქალაქე გარდაიცვალა. ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა ქალია, რომელიც ესპანეთში სამკურნალოდ 2 მარტს ჩავიდა. მას საქართველოში ხუთი შვილი დარჩა.
„სამწუხაროდ, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების ფონზე გარდაცვლილთა ცხედრების გადმოსვენების ჩვეულებრივი პროცედურა აღარ მოქმედებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გარდაცვლილთა დაკრძალვასთან დაკავშირებით მკაცრად განსაზღვრული პროტოკოლი აქვს, რომელიც ვალდებულია დაიცვას ყველა წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის ესპანეთმაც“, – განაცხადეს სამინისტროში.
უწყებაში აღნიშნეს, რომ ქვეყნის საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილთა ოჯახებთან და ისინი ინფორმირებული არიან აღნიშნულის შესახებ.
„ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მწუხარებას მომხდარის გამო და ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს. ძალზე მძიმე მდგომარეობაა. წესები ჩვენ – როგორც ესპანურ, ისე ქართულ მხარეს გვავალდებულებს დავიცვათ ჯანმოს პროტოკოლი“, – აღნიშნავენ უწყებაში.
ამ დროისთვის ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 35 136 ადამიანი, 3 ათასზე მეტი გარდაიცვალა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეები.
24 მარტის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 67 შემთხვევაა დაფიქსირებული.