ლევან დავითაშვილი: სამაცივრე მეურნეობებში ხორცისა და თევზის საკმარისი მარაგები არსებობს

© photo: Sputnik / Stringerლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, ბიზნეს-სექტორისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს-სექტორის მხრიდან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. სამაცივრე მეურნეობებში ხორცისა და თევზის საკმარისი მარაგები არსებობს, შეუფერხებლად მიმდინარეობს ტვირთების შემოტანა და მარაგების შევსება, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

პურფუნთუშეული - Sputnik საქართველო
პურზე ფასი არ გაიზრდება – სოფლის მეურნეობის მინისტრი მოსახლეობას ამშვიდებს

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შექმნილ ვითარებაში აუცილებელია, ქვეყანაში ძირითადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების გარდა, ყველა სხვა სახის პროდუქტის საკმარისი მარაგებიც არსებობდეს და მოსახლეობას მისი შეძენა შეუფერხებლად შეეძლოს.

„მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს სასურსათო უზრუნველყოფის ჯაჭვში ჩართულ ყველა რგოლთან, რათა არ იყოს შეფერხებები, უწყვეტად ხდებოდეს პროდუქციის მიწოდება. ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ რეგულარულ შეხვედრებზე ვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რომელიც მთელ მსოფლიოში საგანგებო ვითარებამ შექმნა. ეს უკავშირდება როგორც საბაჟო პროცედურებს, ასევე ჰიგიენურ და ვეტერინარულ საკითხებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, დღეს არსებულ ვითარებაში ბიზნეს-სექტორისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს-სექტორის მხრიდან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილია.

შაბათს, 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა 115 ხმით მხარი დაუჭირა ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.

23 მარტის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 3. ექიმები კიდევ ხუთი პაციენტის გაწერას ვარაუდობენ. კარანტინის რეჟიმშია – 3254, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 233.

 

ყველა ახალი ამბავი
0