საგარეო უწყება: სამშობლოში ეტაპობრივად საქართველოს ყველა მოქალაქე დაბრუნდება

© Sputnik / STRINGERახალგაზრდა პირბადითა და ხელთათმანებით
ახალგაზრდა პირბადითა და ხელთათმანებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ სამშობლოში უკვე ჩამოიყვანა სამი ათასი თავისი მოქალაქე. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ადამიანების ევაკუაციაზე მუშაობა გრძელდება.

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში ჩამოყვანა ეტაპობრივად განხორციელდება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს და სხვა ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა 21 მარტიდან მთლიანად აიკრძალა. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ კომპანია Georgian Airways, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოიყვანს.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
საიდან ჩამოფრინდებიან თვითმფრინავები საქართველოში 23 მარტს – ფრენების განრიგი

რამდენადაც ქვეყანაში დაბრუნებულები 14-დღიან კარანტინში უნდა განთავსდნენ, საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადება.

„სიტუაცია არ არის მარტივი გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსის დინამიკა მსოფლიოში სწრაფად იზრდება. აქედან გამომდინარე ჩვენც საგანგებო რეჟიმის ვითარებაში გვიწევს რეაგირება. სიტუაცია იცვლება საათობრივად და ჩვენ აქ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს“, – განუცხადა ზალკალიანმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, მთავარი საზრუნავია ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

„ჩვენ გვესმის მათი მდგომარეობა, რომ ბევრი არის ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში და აუცილებელია, რომ მათი ეტაპობრივი გამოყვანა მოხდეს. მე ხაზს ვუსვამ – ეტაპობრივი, რადგანაც აუცილებელია, რომ ჩვენი სისტემა, ინფრასტრუქტურა იყოს შესაბამისად მზად იმისთვის, რომ ჩვენ ეს ხალხი მივიღოთ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ესპანეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა>>

მინისტრმა დაამატა, რომ ამჟამად საკარანტინო ზონების რაოდენობა საკმარისია.

ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საკონსულოები და საელჩოები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, მიმდინარეობს ინფორმაციის მუდმივი შეკრება და დამუშავება. მას ათანხმებენ სააგენტოებთან, ჯანდაცვის, ეკონომიკის სამინისტროებთან და ავიაკომპანიებთან. მიმდინარეობს რეისების დეტალური დაგეგმვა.

„ჩვენი 3 ათასი მოქალაქე გვყავს გამოყვანილი ბოლო ორი კვირის განმავლობაში. არც ერთ ქვეყანას მსგავსი ქმედება, მსგავსი სახის ევაკუაცია საკუთარი მოქალაქეების არ განუხორციელებია და ჩვენზე დიდმა სახელმწიფოებმა, ჩვენზე ძლიერმა სახელმწიფოებმა ვერ გააკეთეს ეს“, – აღნიშნა მინისტრმა.

მან გაიხსენა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც თავისი მოქალაქეების გამოყვანას შეუდგა ჩინეთიდან თურქეთისა და საფრანგეთის დახმარებით, 400-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა პოლონეთიდან. ზალკალიანის განცხადებით, ის პირადად კურირებდა ბულგარეთში დარჩენილი მოქალაქეების დაბრუნებას.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერი: კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად უნდა შეასრულონ ვალდებულებები

„მე დღესვე მინდა ყველას დაბრუნება და მთელ მთავრობას, მაგრამ ხომ უნდა გავითვალისწინოთ, რა სიტუაციაა შექმნილი? ხომ არ ჩამოვიყვანთ ისე, რომ ამ ხალხმა საფრთხე შეუქმნას ასობით ათას ადამიანს“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ საუბრობს მთავრობის მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯზე, თუმცა მუშაობა ერთი წუთითაც არ წყდება. ხანდახან დიპლომატები საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანაში ჩარჩნენ, თავიანთი ჯიბიდან უწილადებენ იმას, რაც თვითონ აქვთ. ამ დროისათვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები პორტუგალიიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე.

23 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა 54, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3, კარანტინის რეჟიმშია – 3254, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 233.

ყველა ახალი ამბავი
0