თბილისი, 2 მარტი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოძრაობა „ჩვენი ბათუმის“ სარჩელი, რომელიც ბათუმის ნავსადგურში ქიმიური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს, იუწყება პირველი არხი.
საუბარია ქიმიური ტერმინალის მშენებლობის პროექტზე გრანულირებული კარბამიდების გადაზიდვის მიზნით. პროექტი აზერბაიჯანიდან და აზიის ქვეყნებიდან ევროპაში საქართველოს გავლით ახალი ლოგისტიკური სატრანსპორტო დერეფნის შექმნას ითვალისწინებს. როგორც მოსალოდნელია, ახალი ტერმინალი ამოქმედების შედეგად ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა 200 ათასი ტონით გაიზრდება. ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ არაერთხელ გამოსულა სხვადასხვა საზოგადოებრივი მოძრაობა.
სასამართლომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერმინალის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადება დაავალა.
მოძრაობის წევრების განცხადებით, სასამართლომ ბათილად ცნო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობა დაიწყო. აქტივისტები ამტკიცებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს ქიმიური ტერმინალის მშენებლობის შეჩერებისთვის საბოლოო სამართლებრივი გადაწყვეტილების საფუძველი.
„ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ პროტესტი ქიმიური ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ იყო ლეგიტიმური და ასევე ლეგიტიმაციას აძლევს შემდგომ ბრძოლასაც“, – განაცხადა ადვოკატმა ზაალ ლუხუტაშვილმა.
20 მილიონი დოლარის ინვესტიციას აღნიშნულ პროექტში ამერიკული კორპორაცია Trammo ახორციელებს.
კომპანია Trammo სასუქებით, ქიმიკატებით, მეთანოლით, ნედლი ნავთობით, თხევადი აირითა და ქიმიური პროდუქტებით ვაჭრობითა და ტრანსპორტირებითაა დაკავებული.
კომპანია „ბათუმის ნავთობტერმინალი“ შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ აქციების 100%-ის მფლობელია. თავის მხრივ, „ბათუმის ნავთობტერმინალი“ 2008 წლის თებერვლიდან ყაზახურ კომპანია სს „ყაზტრანსოილს“ ეკუთვნის.