სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობა შეჩერებულია

© photo: Sputnik / Stringerბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოს დაცვის სამინისტრომ ტერმინალის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი უნდა მოამზადოს

თბილისი, 2 მარტი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოძრაობა „ჩვენი ბათუმის“ სარჩელი, რომელიც ბათუმის ნავსადგურში ქიმიური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს, იუწყება პირველი არხი.

საუბარია ქიმიური ტერმინალის მშენებლობის პროექტზე გრანულირებული კარბამიდების გადაზიდვის მიზნით. პროექტი აზერბაიჯანიდან და აზიის ქვეყნებიდან ევროპაში საქართველოს გავლით ახალი ლოგისტიკური სატრანსპორტო დერეფნის შექმნას ითვალისწინებს. როგორც მოსალოდნელია, ახალი ტერმინალი ამოქმედების შედეგად ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა 200 ათასი ტონით გაიზრდება. ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ არაერთხელ გამოსულა სხვადასხვა საზოგადოებრივი მოძრაობა.

ბათუმის საზღვაო პორტი - Sputnik საქართველო
ბათუმის პორტში ახალი ტერმინალი ამუშავდა

სასამართლომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერმინალის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადება დაავალა.

მოძრაობის წევრების განცხადებით, სასამართლომ ბათილად ცნო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობა დაიწყო. აქტივისტები ამტკიცებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს ქიმიური ტერმინალის მშენებლობის შეჩერებისთვის საბოლოო სამართლებრივი გადაწყვეტილების საფუძველი.

 „ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ პროტესტი ქიმიური ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ იყო ლეგიტიმური და ასევე ლეგიტიმაციას აძლევს შემდგომ ბრძოლასაც“, – განაცხადა ადვოკატმა ზაალ ლუხუტაშვილმა.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
„არა ქიმიურ ტერმინალს ბათუმის პორტში“ - საპროტესტო აქცია ბათუმში

20 მილიონი დოლარის ინვესტიციას აღნიშნულ პროექტში ამერიკული კორპორაცია Trammo ახორციელებს.

კომპანია Trammo სასუქებით, ქიმიკატებით, მეთანოლით, ნედლი ნავთობით, თხევადი აირითა და ქიმიური პროდუქტებით ვაჭრობითა და ტრანსპორტირებითაა დაკავებული.

კომპანია „ბათუმის ნავთობტერმინალი“ შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ აქციების 100%-ის მფლობელია. თავის მხრივ, „ბათუმის ნავთობტერმინალი“ 2008 წლის თებერვლიდან ყაზახურ კომპანია სს „ყაზტრანსოილს“ ეკუთვნის.

ყველა ახალი ამბავი
0