საქართველოში გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმები გაიზრდება

© Sputnik / Alexander Imedashviliნაგვის კონტეინერი
ნაგვის კონტეინერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2 კგ-ზე მეტი ცხოველური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკურ პირთათვის განსაზღვრული 150-ლარიანი ჯარიმა 500 ლარამდე გაიზრდება, ხოლო იურიდიული პირებისთვის 1000-ლარიანი ჯარიმა – 1,5 ათას ლარამდე.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. „ნარჩენების მართვის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის თითქმის ორმაგდება.

კანონპროექტები საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურებისთვის 100 ლარით დაჯარიმდებიან ძაღლებისა და სხვა შინაური ცხოველების პატრონები.

სამედიცინო შპრიცები - Sputnik საქართველო
სამედიცინო ნარჩენების უკანონო გადაყრისთვის ჯარიმა თორმეტჯერ იზრდება: კალაძის ინიციატივა

2 კგ-ზე მეტი ცხოველური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკურ პირთათვის განსაზღვრული 150-ლარიანი ჯარიმა 500 ლარამდე იზრდება, ხოლო იურიდიული პირებისთვის 1000-ლარიანი ჯარიმა – 1,5 ათას ლარამდე.

თუ ასეთი ნარჩენების მოცულობა 20 კგ-ს გადააჭარბებს, ფიზიკური პირები 300 ლარის ნაცვლად 1000 ლარით დაჯარიმდებიან, იურიდიული პირები კი 1 ათასი ლარის ნაცვლად – 2 ათასი ლარით.

კანონპროექტის თანახმად, საცხოვრებელი სახლიდან და სხვა შენობა-ნაგებობიდან 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 100 ლარის ნაცვლად 200 ლარით განისაზღვრება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან მუნიციპალური ნარჩენების გადაგდებისთვის კანონდამრღვევი 120 ლარის ნაცვლად 250 ლარით დაჯარიმდება. ჯარიმის ანალოგიური ოდენობაა გათვალისწინებული საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ნაგვის გადაგდების შემთხვევაშიც.

ნაგვის ურნა - Sputnik საქართველო
თბილისის მერია ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებას იწყებს

ხუთ ერთეულამდე საბურავის (ველოსიპედის საბურავის გარდა) გადაყრის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 500 ლარი. ხუთი და მეტი საბურავის გადაყრისას – 2 ათასი ლარი.

ისეთი საგნების გადაყრა, როგორიცაა აკუმულატორები, ელექტრონათურები, ელექტროსაქონელი, ელექტროდები და მსგავსი საგნები, ითვალისწინებს ჯარიმის გადახდას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 100 ლარისა.

2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირი 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 1000 ლარით დაჯარიმდება.

დიდი მოცულობის ნარჩენით, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებით, ელექტრო ან ელექტროტექნიკური დანადგარით, სამშენებლო დანადგარით ან სხვა მსგავსი მოწყობილობით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკური პირი 2 ათასი ლარის ოდენობით, იურიდიული პირი კი 6 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმას გადაიხდის.

ყველა ახალი ამბავი
0