თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ნაკრძალების ადმინისტრაციებში მომუშავე თანამშრომლებისა და რეინჯერების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევაზე კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) 2020 წელს 40 ათას ევროს გამოყოფს, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯიაკომინიმ. შეთანხმების მიზანია რეინჯერების შრომის პირობების გაუმჯობესება.
„დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლების მუშაობა მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული. რეინჯერები 24 საათის განმავლობაში იცავენ ბუნებრივ მემკვიდრეობას; ხშირად უწევთ ბრაკონიერებთან ბრძოლა", – განაცხადა იური ნოზაძემ.
ტურისტებს მუზეუმ-ნაკრძალებში უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებენ>>
ფონდი სააგენტოს სადაზღვევო ხარჯების ნაწილს 2013 წლიდან ფარავს.
საქართველოში 13 სახელმწიფო ნაკრძალი, 10 ეროვნული პარკი, 41 ბუნებრივი ძეგლი და ორი დაცული ლანდშაფტია. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი ჯერ კიდევ 1912 წელს შეიქმნა.