თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც ხუთ ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობენ, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
„დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას იძულებით გადაადგილებული პირების ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. ეს არის მცირედი, მაგრამ მაინც ხელშეწყობა ჩვენი ლტოლვილებისთვის, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული", – განაცხადა გიორგი გახარიამ.
დღეისათვის საქართველოში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული 283,2 ათასზე მეტი ადამიანი (90,1 ათასზე მეტი ოჯახი) ცხოვრობს. სახელმწიფო ოჯახებს ეტაპობრივად გადასცემს საცხოვრებელ ფართებს, რომელთაც ისინი წლების განმავლობაში ელოდნენ.
გარდა ამისა, იძულებით გადაადგილებული პირები სახელმწიფოსგან ყოველთვიურ შემწეობას იღებენ და სხვადასხვა სოციალური დახმარებით სარგებლობენ.
2019-2020 წლებში იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად 328 მლნ ლარია გამოყოფილი.