ნაკლები დაავადებული, მეტი ჰოსპიტალიზებული – ბოლო კვირის მონაცემები

© Sputnik / Vladimir Umikashviliგრიპის ვირუსი
გრიპის ვირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთი კვირის განმავლობაში გრიპის ვირუსით დაინფიცირების ინტენსივობამ 100 ათას ადამიანზე 172-დან 158 შემთხვევამდე იკლო.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოში გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები, გასულ კვირასთან შედარებით, შემცირდა, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დაავადებათა ეროვნული ცენტრი ყოველ ორშაბათს გასული კვირის მაჩვენებელს აჯამებს და მონაცემებს საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 100 ათას ადამიანზე დაინფიცირების 158 შემთხვევაა დაფიქსირებული. წინა კვირაში მაჩვენებელი 172 იყო. ეპიდემიად მიიჩნევა მაჩვენებელი, როდესაც კონკრეტული ვირუსით 100 ათას მცხოვრებზე 450–500 ადამიანი ავადდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობა 211 იყო.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში გრიპის ვირუსი უკან იხევს

„ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კულტურა იზრდება, მოთხოვნა იმატებს. დიაბეტით დაავადებულ საკმაოდ ბევრ ადამიანს გაუკეთდა ვაქცინა, ასევე აცრები ჩაუტარდათ საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, ჩვენს კოლეგებს და რისკის ჯგუფში შემავალ პირებს. მათ შორის არიან ასევე ორსულები და კარგია, რომ ამ სეზონზე ორჯერ მეტმა ორსულმა გაიკეთა აცრა", – განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.

რაც შეეხება ჰოსპიტალიზების შემთხვევებს, ბოლო მონაცემებით, მაჩვენებელი 28%-დან 32%-მდე გაიზარდა. ცენტრის სპეციალისტების განცხადებით, ახლა აქტიურად ცირკულირებს რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, რომელიც საკმაოდ რთულად მიმდინარეობს და განკურნებისთვის პაციენტების ჰოსპიტალიზებაა საჭირო, რაც გახდა ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობის გაზრდის საფუძველი.

წლევანდელ სეზონზე პრევალირებს გრიპის B ტიპის ვირუსი, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ამიტომაც არის, რომ ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით ნაკლებია. ქვეყანაში ამ დროისთვის შემთხვევების 66%-ში ცირკულირებს B ტიპის ვირუსი, დანარჩენი A ტიპის – H3 და H1 ვირუსებია, არის აგრეთვე რინოვირუსები.

ყველა ახალი ამბავი
0