21:37 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (144)
115 0 0

ჯანდაცვის სამინისტრო დათხოვნილ თანამშრომლებს იმით ანუგეშებს, რომ ისინი ახალ სტრუქტურაში ვაკანსიის კონკურსში მონაწილეობას შეძლებენ და თუ გაუმართლებთ, დასაქმდებიან კიდეც

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოში 28 სოცმუშაკი და სოცმომსახურების სააგენტოს სხვადასხვა დეპარტამენტის 15 თანამშრომელი 1 თებერვლიდან უმუშევარი რჩება, იუწყება პირველი არხი.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროში სტრუქტურულ რეორგანიზაციით ხსნიან და აღნიშნავენ, რომ სოცმუშაკების რაოდენობა არ შემცირდება.

საქართველოში სოციალური მუშაკების ნახევარზე მეტი გაფიცულია >>

2020 წლის პირველი თებერვლიდან მეურვეობა-მზრუნველობის, ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების ფუნქციას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი შეითავსებს. აქამდე აღნიშნულ საკითხებს სოცმომსახურების სააგენტო კურირებდა. შესაბამისად, ის თანამშრომლები, რომლებიც მუშაობდნენ სააგენტოში, კონკურსის გავლას და ახალ ფონდში დასაქმებას შეძლებენ.

„სოციალურ მუშაკებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში. საბოლოოდ მათზე და საკონკურსო კომისიაზე იქნება დამოკიდებული დასაქმდებიან თუ არა ისინი გამოცხადებულ ვაკანტურ პოზიციებზე. სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს 2019 წლის პირველი მარტიდან, შესაბამისად აბსოლუტურად ყველა ეტაპზე, თანამშრომლებისთვის იყო სრულყოფილი ინფორმაცია მიწოდებული, არაერთხელ ყოფილან ისინი პირადად ჩემთანაც მსგავსი ტიპის კითხვებით, რაზეც პასუხი მიუღიათ. წერილებშიც, რომელიც მათ დაეგზავნათ, ახსნილია მათი გათავისუფლების მიზეზი. მე დღესაც მაქვს მათთან კომუნიკაცია, მქონდა წარსულშიც და მექნება ყოველთვის, როცა მათ დავჭირდები რამე საკითხთან მიმართებაში“, – აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა.

წოწკოლაურის თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტომ გათავისუფლებასთან დაკავშირებით თანამშრომლებს წერილობით მიმართა და ორთვიანი კომპენსაციაც გადასცა. მან აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის პროცესში სპეციალური კომისიის წევრები გაესაუბრნენ ყველა თანამშრომელს და მათ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.

მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ სოცმუშაკებს ხელფასები გაეზარდათ. კერძოდ, სოცმუშაკის ხელფასი 1200 ლარს შეადგენს, ხოლო უფროსი სოცმუშაკის - 1400 ლარს.

სოცმუშაკების პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. ისინი ასევე საპროტესტო აქციების დაწყებას არ გამორიცხავენ.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორის, მერი მაღლაფერიძის თქმით, იქმნება ახალი უწყება, რომელსაც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ერქმევა.

„ეს იქნება დადებითი მოვლენა, რადგან სერვისების მიმწოდებლები გაერთიანდებიან. რა თქმა უნდა, რეორგანიზაციის ფარგლებში წარმოიშობა ვაკანტური პოზიციები და კანონის შესაბამისად კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცხადდება“, – აღნიშნა მაღლაფერიძემ.

მაღლაფერიძე ირწმუნება, რომ სოცმუშაკების რაოდენობა არ შემცირდება და ბავშვზე ზრუნვის მიმართულება გაძლიერდება.

„აღსანიშნავია, რომ არამც და არამც არ მცირდება სოციალური მუშაკების რაოდენობა, პირიქით, პოზიციები ემატება და ასევე ემატება სხვადასხვა ფუნქციები მათ გასაძლიერებლად. ჩვენი ორგანიზაციისთვის ეს იქნება წამყვანი ფუნქცია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ბავშვზე ზრუნვის მიმართულება“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში სოცმუშაკებმა გაფიცვა გამოაცხადეს. მუშაობაზე უარი განაცხადა 244-დან 180-მა სოციალურმა მუშაკმა, რომლებიც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ. მოთხოვნებს შორის დასახელდა თანამშრომლების შტატის გაზრდა, მათი უზრუნველყოფა ტრანსპორტით, სოციალური მომსახურების ცენტრების ადაპტაცია შშმ პირთათვის, ოთახების მოწყობა კონფიდენციალური და ინდივიდუალური გასაუბრებისთვის. სულ სიაში 22 მოთხოვნა იყო.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (144)

მთავარი თემები