თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. საქართველოს არცერთ მოქალაქეს არც უხანში და არც ჩინეთის სხვა რეგიონებში ჯანმრთელობის მხრივ საფრთხე არ ემუქრებათ, განაცხადა ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ.
მანამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება შეაჩეროს ჩინეთთან ფრენები და საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინოს. ქალაქ უხანში, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება.
როგორც არჩილ კალანდიამ აღნიშნა, ამჟამად ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის აუცილებლობა არ არის.
„ცხადია, არ იგეგმება ჩინეთის მასშტაბით საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია. საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება უხანში მყოფი ხუთი ჩვენი თანამოქალაქის ევაკუაცია. ამჟამად ჩვენს მოქალაქეებთან როგორც უხანში, ასევე ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებში ვართ მუდმივ კავშირზე, მეტნაკლებად ვფლობთ თითოეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას და სხვა საჭირო მონაცემს. ყველა მათგანი არის მხნედ და კარგად“, – განაცხადა ჩინეთში საქართველოს ელჩმა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკება, რათა საჭიროების შემთხვევაში ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების გადაყვანა მოხდეს. თუმცა ჩინეთში საქართველოს ელჩი არ აკონკრეტებს, თუ რომელ ქვეყნებზეა საუბარი.
„ყველას მოვუწოდებ, რომ შეინარჩუნოს სიმშვიდე. ყველა ზომებს მივიღებთ, რაც კონკრეტულ სიტუაციაში საჭირო იქნება. ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა არჩილ კალანდიამ.
საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. აეროპორტებსა და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში ექიმები საქართველოში შემოსულ მგზავრებს ამოწმებენ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ახალი სასიკვდილო ვირუსის ქვეყანაში გავრცელების თეორიული ალბათობა არსებობს, თუმცა ამის შანსი მინიმალურია.
კორონავირუსი ყუთში: საშიშია თუ არა გზავნილები ჩინეთიდან >>
ჩინეთის ხელისუფლებამ 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უხანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 4515 ადამიანს მიაღწია. აქედან 106 გარდაიცვალა.
ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაინფიცირების შემთხვევები გამოვლენილია: ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, გერმანიაში.
კორონავირუსები – 30-ზე მეტი ვირუსის ოჯახია, რომელიც ორ ქვეჯგუფად იყოფა. პირველად მათი იდენტიფიცირება 1965 წელს მოხდა. ვირუსი შეიძლება შეეყაროს ადამიანს, შინაურ ცხოველებს, ფრინველს, მსხვილფეხა პირუტყვს. კორონავირუსი აზიანებს სასუნთქ სისტემას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ნერვულ სისტემას.