14:37 22 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
გახმაურებული სასამართლო პროცესები (75)
95 0 0

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი არ აპირებს, სასამართლოს განაჩენს მორჩილად დაელოდოს და თავად იწყებს შეტევას. ამჯერად მან საჯაროდ გამოხატა აღშფოთება მის ოჯახზე დაწესებული თვალთვალის გამო.

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორსა და „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას მისი ოჯახის წევრებზე დაწესებული თვალთვალის გამო გამოძიებასთან პრეტენზიები აქვს. 

ტელეკომპანია „რუსთავის 2"-ის ქონების გაფლანგვის შესახებ საქმის გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები ნიკა გვარამიას ავტომობილს უთვალთვალებდნენ. მოგვიანებით ეს ავტომობილი მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეში მთავარი სამხილი გახდა. პროკურატურამ საქმე 2019 წლის 1 ნოემბერს გახსნილად გამოაცხადა.

საქმე ძვირადღირებული ავტომობილის შესახებ

პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2019 წლის თებერვალში, „რუსთავის 2“-ის გენერალურ დირექტორად მუშაობის პერიოდში, ნიკა გვარამიამ „პორშეს“ ცენტრში თავისთვის და თავისი ოჯახისთვის შეარჩია 76,7 ათას ევროდ ღირებული მოდელი Porsche Macan S „რუსთავი 2“-ის ეთერში კომპანიის სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ. ეს ოპერაცია ჩატარდა გვარამიას ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით და ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესების საზიანოდ. 

ამ ბარტერის გარდა, გვარამია კომპანიას დაჰპირდა, რომ მომავალშიც განათავსებდა „პორშეს“ ცენტრის სარეკლამო რგოლებს ტელეარხზე შედარებით ნაკლებ ფასად სარეკლამო სააგენტო „პროესკო მედიას“ მეშვეობით.

გვარამიას მიერ მიღწეული შეთანხმებები „პორშეს“ ცენტრსა და „პროესკო მედიას“ შორის 2019 წლის 27 თებერვალს გაფორმდა. ერთი ეხებოდა მანქანის შეძენას, მეორე – სარეკლამო მომსახურებას. შედეგად, Porsche Macan S-ის ფორმალური მფლობელი გახდა სარეკლამო სააგენტო, ფაქტობრივი კი – გვარამია.

გვარამიას პრეტენზიები

ავტომობილის ეპიზოდსა და გვარამიას დანაშაულის მტკიცებულებებს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს.

პარასკევს სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა წაიკითხა ანგარიში ავტომობილზე ფარული თვალთვალის შესახებ, როგორც მტკიცებულება „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ბრალეულობისა, რამაც გვარამიას აღშფოთება გამოიწვია.

„პროკურატურას უნდა დაედგინა, ეს მანქანა რეალურად ჩვენი ოჯახის სარგებლობაშია თუ არა. რომ ეკითხათ, დავადასტურებდით. მიუხედავად ამისა, გამოტანილი იქნა დადგენილება ამ საკუთრების დასადგენად თვალთვალის გამოყენებით... აქ არის 28 დღის განმავლობაში ჩემი მეუღლის გადაადგილებები, მისი და არა მანქანის“, – განუცხადა გვარამიამ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის შესვენებაზე. 

მისი თქმით, სასამართლოზე პროკურორმა წაიკითხა ანგარიში თვალთვალის შესახებ, რომელშიც, „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენდირექტორის განცხადებით, არის მტკიცებულებები იმისა, რომ უთვალთვალებდნენ მის ოჯახს.

„28 დღეს რას უთვალთვალებდნენ, რაში აინტერესებდათ ჩემი ცოლის და შვილების გადაადგილება და ამის დეტალური აღწერა?! ჩვენ ვიღებთ გამოწვევას... ვუცხადებთ საპასუხო ომს ბიძინა ივანიშვილს და დავამარცხებთ“, – განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას პრეტენზიების საპასუხოდ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ თვალთვალის მიზეზები განმარტა.

„ჩვენ გვქონდა ვარაუდი, რომ გვარამიამ ნამდვილად შეიძინა მანქანა თავისთვის და თავისი ოჯახისთვის. და ეს იყო საგამოძიებო ღონისძიების მიზანი, სხვა მიზანი არ ყოფილა. ეს თვალთვალი ხორციელდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებით“, – განაცხადა გუბელაძემ.

სასამართლოში გრძელდება საქმის განხილვა, რომლის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს ნიკა გვარამიას ბრალი ედება „რუსთავი 2“-ის ქონების გაფლანგვაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ნიკა გვარამიამ მას შემდეგ, რაც არხის ახალმა მფლობელმა იგი „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა, თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა ახალი ოპოზიციური ტელევიზია „მთავარი არხი“ და „რუსთავი 2“-ის  ჟურნალისტების ნაწილიც თან წაიყვანა.

თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები (75)

მთავარი თემები