ბრძოლა „რუსთავი 2“-სთვის: სასამართლომ ყოფილი მფლობელების სარჩელი არ განიხილა

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი 60%-იან წილს მოითხოვენ, რაც მათ 2004 წლამდე ჰქონდათ, ვიდრე ტელეკომპანიას პაატა კარსანიძე შეიძენდა.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელების სარჩელის განხილვაზე, ნათქვამია სასამართლოს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი 60%-იან წილს მოითხოვენ, რაც მათ 2004 წლამდე ჰქონდათ, ვიდრე ტელეკომპანიას პაატა კარსანიძე შეიძენდა.

„სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვა, კერძოდ, სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისთვის ჩაბარება და კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარების ან/და ჩაუბარებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოში წარმოდგენა“, — ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

გარდა ამისა, სასამართლომ გააუქმა 2019 წლის 18 ნოემბრის დადგენილება ქიბარ ხალვაშის წილის დაყადაღების თაობაზე. 

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო: „რუსთავი 2" ხალვაშს რჩება

აქიმიძე და დვალი ამტკიცებენ, რომ მათ 2004 წელს წინა ხელისუფლებამ ტელეარხის წილები ზეწოლით დაათმობინა. 2003 წლიდან დაწყებული „რუსთავი 2" „ვარდების რევოლუციის" და შემდეგ მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარი საინფორმაციო მხარდამჭერი იყო. 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ იგი მთავარი ოპოზიციური არხი გახდა.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აქიმიძემ და დვალმა პროკურატურას მიმართეს, უწყებამ ისინი დაზარალებულად ცნო, თუმცა გამოძიება დღემდე არ დასრულებულა.

2004 წლის შემდეგ „რუსთავი 2"-მა არაერთხელ შეიცვალა მფლობელი. 2015 წელს სასამართლოს სარჩელით ქიბარ ხალვაშმა მიმართა. მან ტელეკომპანიის იმდროინდელი მფლობელებისგან 100%-იანი წილის დაბრუნება მოითხოვა და პირობა დადო, რომ საქმის მოგების შემთხვევაში დვალსა და აქიმიძეს 50%-იან წილს დაუთმობდა. მაშინ მათ, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ტელეკომპანიაზე პრეტენზიას არ გამოთქვამდნენ. 

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ 60%-იანი წილი დააყადაღა

ხალვაშმა ქართული სასამართლოს სამივე ინსტანციაში დაამტკიცა, რომ 2006 წელს მას ტელეკომპანია იძულებით დაათმობინეს და ის კანონიერ მფლობელს, ანუ მას უნდა დაუბრუნდეს. მოგვიანებით ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ქართულ სამართალწარმოებაში დარღვევა ვერ იპოვა.

შედეგად, 2019 წლის 18 ივლისს „რუსთავი 2" ხალვაშისა და კომპანია „პანორამას" მფლობელობაში გადავიდა. ეს კომპანიაც ხალვაშს ეკუთვნის.

ამის შემდეგ ხალვაში დვალსა და აქიმიძეს შეხვდა და მათ ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა, რასაც ისინი არ დათანხმდნენ.

გასულ კვირაში ხალვაშის ადვოკატმა და „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ხანდაზმულობის ვადის (10 წელი) გასვლის გამო სასამართლო საქმის განხილვას არ დაიწყებდა. აქიმიძისა და დვალის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ კი აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა პროკურატურაში სარჩელის შესვლის დროიდან შეწყდა.

ადრე ტელეკომპანიის ქონების დაყადაღების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმაც, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ ხალვაში „რუსთავი 2"-ის მხოლოდ ნომინალური მფლობელი იყო და სინამდვილეში ტელეკომპანია მას ეკუთვნის.

გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა ეროსი კიწმარიშვილის მეუღლემ ია კიწმარიშვილმაც, რომელსაც ასევე ეთქვა უარი მისი სარჩელის განხილვაზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0