სკანდალი ვადაგასულ მედიკამენტებთან დაკავშირებით – დავით სერგეენკო კითხვებს პასუხობს

© photo: Sputnikდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკანდალი სახელმწიფო აუდიტის დასკვნამ გამოიწვია, რომლის თანახმად, С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში 560,6 მლნ ლარის ღირებულების ძვირადღირებული პრეპარატები ჩამოწერეს.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ჯანდაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო С ჰეპატიტის მკურნალობისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ჩამოწერასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის დასკვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზარალი არც პაციენტებს მიუღიათ და არც ფინანსური ზარალი არ ყოფილა . 

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
იმნაძე: დაახლოებით 16 ათასმა ადამიანმა უარი განაცხადა С ჰეპატიტის მკურნალობაზე

პარასკევს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განაცხადა, რომ С ჰეპატიტის მკურნალობისთვის განკუთვნილ მედიკამენტებს, რომელთა ღირებულებაც 560,6 მლნ ლარს აღემატება, ვადა გაუვიდა და ისინი ჩამოწერეს.

ოპოზიცია ძვირადღირებული მედიკამენტების ჩამოწერასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ჯანდაცვის ყოფილ და ამჟამინდელ მინისტრებს – დავით სერგეენკოსა და ეკატერინე ტიკარაძეს აკისრებს. ჯანდაცვის სამინისტროსთან სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა საპროტესტო აქციაც გამართეს და ხელისუფლებას აღნიშნული ფაქტის გამოძიება და იმის დადგენა მოსთხოვეს, აღნიშნული მედიკამენტები რეალურად ვადაგასული იყო თუ ისინი „შავ ბაზარზე“ გაყიდეს.

სერგეენკოს თქმით, აღნიშნულ საკითხს გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციები მოჰყვა და ვინაიდან დასკვნაში მითითებულ პერიოდში ის ჯანდაცვის მინისტრი იყო, თავი ვალდებულად მიიჩნია, განმარტებები გაეკეთებინა, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა.

„დაზარალდა თუ არა თუნდაც ერთი პაციენტი ამით? – არა, რადგან განსხვავებით 2015-2016 წლებისგან, როდესაც პაციენტების მხრიდან მოთხოვნა ამ პროგრამაში ჩართვაზე უფრო მაღალი იყო, ვიდრე პროგრამის შესაძლებლობები, 2018 წელს ჩვენ გვიწევდა უფრო პროაქტიულად ძებნა პაციენტების ამ პროგრამაში ჩასართავად. მკურნალობდნენ თუ არა იმ პერიოდში პაციენტები ვადაგასული წამლით? – არავითარ შემთხვევაში. ამ პერიოდში ჩვენ შემოსული გვქონდა ახალი პარტია ამ მედიკამენტის, რომელიც იყო ვადიანი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. 

C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი „ჰარვონი“ - Sputnik საქართველო
560 მილიონი ლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატს ვადა გაუვიდა

რაც შეეხება მოცემული პროგრამის ფინანსურ ნაწილს, სერგეენკოს სიტყვებით, „ნახევარ მილიარდზე მეტი ღირებულების მედიკამენტი“ ერთგვარად ბრუტალურად ჟღერს და უამრავი კითხვა რჩება, რომ ადამიანებს სჭირდებათ მკურნალობა და ამ დროს მედიკამენტები ფუჭდება.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო С ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატს უფასოდ იღებს.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, გარკვეული განფასება გაეკეთებინა ამ დონაციაზე და ვვარაუდობ, რომ მათ აიღეს „ვიკიპედიაში“ ან რამე ასეთ პორტალში ნანახი 2016 წლის ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულებისაა. 2018 წელს ეს მედიკამენტი უკვე რვაჯერ ნაკლები ღირდა, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი მნიშვნელობა აქვს შედარებისთვის. თუ იგივე ფასებს ავიღებთ, გამოვა, რომ დღეის მდგომარეობით, უკვე 17 მილიარდი ლარის მედიკამენტი გვაქვს დახარჯული 65 ათასი პაციენტის მკურნალობაზე“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პროგრამის განხორციელების პერიოდში საერთაშორისო პარტნიორებთან უწყვეტი კომუნიკაცია იყო და 2019 წლის აპრილში ვენაში გამართულ ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე საქართველომ „ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ცენტრის“ წოდება მიიღო.

სერგეენკოს სიტყვებით, ის, რომ მედიკამენტები ჩამოწერეს, ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ საერთაშორისო პარტნიორებიც. საქართველომ მათ ამ წამლების სხვა ქვეყნებისთვის გადაცემა შესთავაზა, რადგან ვერ ხდებოდა იმ პერიოდში მათი ათვისება, თუმცა ამ შეთავაზებაზე უარი მიიღეს.

„მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეს არის მხოლოდ საქართველოს ექსკლუზივი, მედიკამენტი უფასოდ აქვს მხოლოდ საქართველოს“, – განაცხადა მან.

სერგეენკომ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, გამოიყენოს შანსი და ჩაერთოს С ჰეპატიტის პროგრამაში. მისი სიტყვებით, 2018 წელს 23 ათასი ადამიანი იყო, რომლებმაც იცოდნენ დაავადების შესახებ, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო პროგრამაში არ ჩაერთნენ. დღეისთვის ეს რიცხვი 30 ათასს აღწევს, აღნიშნა სერგეენკომ. 

სისხლის ბანკი - Sputnik საქართველო
საქართველოში С-ჰეპატიტისგან დაახლოებით 55 ათასი ადამიანი განიკურნა

„მე ყოველთვის ვცდილობ, დავიცვა ექიმის კოდექსი, საიდანაც ერთ-ერთი წესი ამბობს, რომ თუ ექიმმა რაღაც აუხსნა პაციენტს, მაგრამ მან მაინც არ გააკეთა, არავითარ შემთხვევაში არ დაადანაშაულო პაციენტი. ესე იგი, შენ ვერ აუხსენი რაღაც. ამ შემთხვევაშიც ლოგიკა იგივეა. მე ამ ადამიანებს არ ვადანაშაულებ, უბრალოდ ვთხოვ კიდევ ერთხელ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ პრეპარატები „შავ ბაზარზე“ გაიყიდა, სერგეენკომ განაცხადა, რომ 2018 წლის განმავლობაში უამრავმა საგამოძიებო თუ მაკონტროლებელმა ორგანომ ძალიან სკრუპულოზურად შეამოწმა ეს ყველაფერი. მარაგები მთელი საქართველოს მასშტაბით დიდი სიზუსტით იყო დაბალანსებული, აღნიშნა მან.

С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამა საქართველოში 2015 წელს დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან Gilead Sciences, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს თავდაპირველად პრეპარატ „სოვალდის“ ურიგებდნენ, რომელიც მომდევნო წლებში გაუმჯობესებულმა პრეპარატმა „ჰავრონმა“ ჩაანაცვლა. 

საქართველოში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში С ჰეპატიტზე გამოკვლევა მოსახლეობის 60%-ს აქვს ჩატარებული, 65 ათასი ადამიანი მკურნალობას გადიოდა და გადის, აქედან 58 ათასი განიკურნა და მკურნალობა დაასრულა, დარჩენილთაგან 98,7% კი გამოჯანმრთელების სტადიაშია.

საქართველო დღეს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც C ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტებით სრულიად უფასოა. C ჰეპატიტის ელიმინაციის ქართული პროგრამის ანალოგი არსად არ ყოფილა მსოფლიოში.

პროგრამა შეიძლება 2020 წლისთვის დასრულდეს, ამიტომ სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება დროულად ისარგებლონ უფასო მკურნალობით.

2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეთა თითქმის 8% С ჰეპატიტის მატარებელი იყო. ამიტომ ქვეყანა რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0