22:03 29 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1871
  • 100 RUB4.6063
  • USD2.8929
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (187)
13601

გზებზე რომ კონტროლი იყოს და ტექდათვალიერების გარეშე მოძრავი ავტომობილების მძღოლებს აჯარიმებდნენ, მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნებოდა.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოში დარეგისტრირებული 1,3 მილიონი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ტექნიკური ინსპექტირება მხოლოდ 788 ათასმა გაიარა, განაცხადა „ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის" თავმჯდომარემ ვაჟა იორდანიშვილმა გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. 

პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე შემოწმდა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3.5 ტ-ის ზემოთ) ავტომობილები; 1 ივლისიდან – სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები; 1 ოქტომბრიდან – 3 000 სმ3 და უფრო დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები. 2019 წლის 1 იანვრიდან კი ტექდათვალიერების გავლა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა.

„ამას შეიძლება ორი მიზეზი ჰქონდეს. პირველი – სავარაუდოდ, ავტომობილების დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, რეგისტრირებულია, მაგრამ სინამდვილეში არ არსებობს. მეორე – ავტომობილების გარკვეულმა რაოდენობამ არ გაიარა ტექდათვალიერება იმ იმედით, რომ გზებზე არ არის შესაბამისი კონტროლი და მძღოლები ამის გამო არ ჯარიმდებიან“, – განაცხადა იორდანიშვილმა.

ტექდათვალიერებაზე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მძღოლებს მისი გამოსწორებისთვის დრო ეძლევათ, მაგრამ ხშირად ავტომობილები პირველად დათვალიერებასაც არ გადიან.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემა არა მარტო ავტომობილებში, არამედ თავად ტექნიკური ინსპექტირების სფეროშია.

„არ მგონია, რომ ტექდათვალიერება 788 ათასმა ავტომობილმა გაიარა, ჩემი აზრით, ეს რიცხვი 600 ათასზე მეტი არაა. ინსპექტირება ბევრ სატრანსპორტო საშუალებას ორჯერ ეხება, მაგალითად, ტაქსები წელიწადში ორჯერ გადიან, ანუ წელიწადში ორჯერ ერთი და იგივე ავტომობილი ფიქსირდება. ამიტომ ვთვლი, რომ ეს რიცხვი 600 ათასია“, – განაცხადა მესხიშვილმა. 

მისი სიტყვებით, იანვრის პირველ ორ კვირაში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტექდათვალიერების ცენტრებში მისული ავტომობილების რაოდენობის კატასტროფული შემცირება დაფიქსირდა.

„ვარდნა დაახლოებით 30%-ია და ასე ხდება ყოველთვიურად, მაჩვენებელი უფრო და უფრო მცირდება. თავიდან ადამიანები ინტენსიურად მიდიოდნენ, შემდეგ კი მოხდა ვარდნა, რადგანაც არ არის შესაბამისი კონტროლი“, – აღნიშნა მესხიშვილმა.

მისი სიტყვებით, თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, ტექნიკური ინსპექტირების პროცესი კრახის ზღვარზე აღმოჩნდება.

მსუბუქი ავტომობილებისთვის მომსახურების ღირებულება 60 ლარი, სატვირთო ავტომობილებისთვის კი 100 ლარია. იმ მძღოლებს, რომელთა სატრანსპორტო საშუალებებმა ტექდათვალიერება არ გაიარეს, თვეში ჯარიმის სახით 50 ლარის გადახდა ევალებათ, შესაბამისად, თუ ტექდათვალიერებას წლის განმავლობაში არ გაივლიან, ჯარიმის ოდენობა 600 ლარია.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (187)

მთავარი თემები