გრიპის ვირუსის გამო საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი გადაიდება?

© photo: courtesy of Teona Gogniashviliკომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა
კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გრიპის სეზონი ქვეყანაში დაახლოებით აპრილის დასაწყისამდე გრძელდება და გადაწყვეტილება სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე სეზონური ვირუსის მიმდინარეობიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოში გავრცელებული გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერების აუცილებლობა არ დგას, აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ნიღბიანი მოქალაქეები - Sputnik საქართველო
საქართველოში გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები შემცირდა

ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად დაცული საბავშვო ბაღების აღსაზრდელები არიან, რამდენადაც წელს დაახლოებით 14 ათასმა აღმზრდელმა გრიპის აცრა გაიკეთა.

მისი თქმით, გრიპის სეზონი ქვეყანაში დაახლოებით აპრილის დასაწყისამდე გრძელდება და გადაწყვეტილება სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე სეზონური ვირუსის მიმდინარეობიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

„დღეს, დილის სხდომაზე კიდევ გვქონდა კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით და დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ იძლევა რეკომენდაციას. მდგომარეობა არ გახლავთ ისეთი, რომ სასწავლო პროცესი გადაიდოს ან არდადეგები გახანგრძლივდეს. დავაკვირდეთ მიმდინარეობას", – აღნიშნა გამყრელიძემ.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, გასული კვირის მონაცემებთან შედარებით, გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები შემცირდა. დეკემბრის ბოლო კვირაში 100 ათას მოსახლეზე გრიპის ვირუსის 312 შემთხვევა დაფიქსირდა, იანვრის პირველ კვირაში კი ეს მაჩვენებელი 191-მდე შემცირდა. მართალია, ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით 3%-ით არის მომატებული, თუმცა ეს მონაცემები ორჯერ ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამასთან, სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში გრიპის ვირუსის ეპიდემიის საშიშროება ჯერჯერობით არ არის და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ეპიდემიად მიიჩნევა მაჩვენებელი, როდესაც კონკრეტული ვირუსით 100 ათას მცხოვრებზე 450–500 ადამიანი ავადდება.

გრიპი ქალაქში - Sputnik საქართველო
დგას თუ არა საქართველო გრიპის ვირუსის ეპიდემიის ზღვარზე

გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვას ჰიგიენური ნორმები, ხშირად დაასუფთაონ სახლი და სამუშაო ადგილი სველი წესით, გაანიავონ შენობები, ასევე ხშირად დაიბანონ ხელები.

წლევანდელ სეზონზე პრევალირებს გრიპის B ტიპის ვირუსი, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ამიტომაც არის, რომ ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით ნაკლებია.

ქვეყანაში ამ დროისთვის შემთხვევების 80%-ში ცირკულირებს B ტიპის ვირუსი, დაახლოებით 10%-ია A ტიპის H1N1, დანარჩენი 10% კი რინოვირუსებია.

აღსანიშნავია, რომ წინა წლის დეკემბერ–იანვარში საქართველოში გრიპის ვირუსი H1N1, ე.წ. „ღორის გრიპი" მძვინვარებდა, რომლის გართულების ნიადაგზე 22 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში ბოლო პერიოდში გრიპის H1N1 ტიპის ვირუსით გამოწვეული გართულებებისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევაში პაციენტებს ჰქონდათ ქრონიკული დაავადებები და არ ჰქონდათ გრიპის აცრა გაკეთებული.

ყველა ახალი ამბავი
0