თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. სკანდალურად ცნობილი „მწვანე სკოლის" მოსწავლე გოგონამ სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა ლონდა თოლორაიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
ეს ის სკოლაა, რომელშიც მომხდარი ფაქტის შემდეგ მისი ყოფილი მოსწავლე, 15 წლის ლუკა სირაძე გარდაიცვალა. სირაძე 12 დეკემბერს მეცხრე სართულიდან გადმოხტა, 17 დეკემბერს კი რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. ყოველივე მას შემდეგ მოხდა, რაც იგი "მწვანე სკოლაში", სადაც ადრე სწავლობდა, ღამით შეპარვის გამო პოლიციამ დაკითხა. სისხლის სამართლის საქმე "თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით აღიძრა, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით კი დააკავეს გამომძიებელი.
რაც შეეხება გოგონას, გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე, სკოლაში მომხდარი ღამის ინციდენტის შემდეგ გოგონამ პედაგოგებს, მათივე მოთხოვნით, მისი და ლუკა სირაძის მიმოწერა აჩვენა.
„მე ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ 15 წლის ბავშვმა თვითდაზიანებები მიიყენა. გამოძიება გრძელდება", – განაცხადა თოლორაიამ.
15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. ადრე შსს-მ უარყო მოზარდის ახლობლების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოზარდზე დაკითხვის დროს ზეწოლა განხორციელდა. დაკითხვას მოზარდის დედა ესწრებოდა.
„პირობას ვდებ, რომ ფაქტები არც ერთი პირის მიმართ, ვისზეც მტკიცებულებები შეგროვდება, არ იქნება შელამაზებული. გარემოებები, რომლებიც ბავშვებისთვის მიუღებელია, იკვეთება სკოლაშიც და პოლიციაშიც. შესაბამისად, მოწმეთა შორის არიან პოლიციის თანამშრომლები, ასევე იკითხება ყველა მასწავლებელი და მოსწავლე", – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
ლუკა სირაძე „მწვანე სკოლაში" რამდენიმე თვე სწავლობდა. სექტემბერში იგი №100 საჯარო სკოლაში გადაიყვანეს. მომხდარის შემდეგ მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიის" ექსპერტები მუშაობენ.