თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. სოციალურ ქსელში 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, ლუკა სირაძეს ცოტა ხნის წინ მამა გარდაეცვალა, რის გამოც ოჯახმა სწავლის საფასურის გადახდა ვეღარ შეძლო და მას სკოლის დატოვება მოუწია, სადაც ბევრი მეგობარი ჰყავდა.
ამის შემდეგ მივიდა სკოლაში და კედლებზე დატოვა წარწერა „ამ ცხოვრების დედაც!“, რომელიც, სავარაუდოდ, სკოლის წინააღმდეგ სულაც არ იყო მიმართული.
„ცხოვრებას და იღბალს ემდუროდა 15 წლის ყმაწვილი – ამ ასაკში ხომ განსაკუთრებით გამწვავებულია ასეთი ფიქრები თუ შეფასებები. ეს ყველაფერი ზედმიწევნით იცოდა იმ ყასაბმა სკოლის დირექტორმა, რომელიც პოლიციაში გაიქცა გვიშველეთო, ნაცვლად საუბრისა თავის ყოფილ მოსწავლესთან და მისი გამხნევებისა. ტელეინტერვიუში ყასაბმა მახსოვს ხუთჯერ გაიმეორა – კერძო საკუთრება დააზიანაო. ეგ „დაზიანება“ ჩვენი კანონებითაც კი რამდენიმე ათეულ ლარიანი ჯარიმით ისჯება. მაგრამ ასეთივე ყასბები აღმოჩნდნენ პოლიციაშიც – ქალი თუ კაცი. ყველამ ერთად, გვერდში დადგომის ნაცვლად, პირიქით, კიდევ უფრო დაამძიმეს უკვე სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ახალაგაზრდა ბიჭი და ფაქტიურად ხელი ჰკრეს ისედაც სახურავზე მდგარ ობოლ ბიჭს“, – წერს გია ცისკარიშვილი.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც იაშვილის სახელობის კლინიკაში ექვსი დღე სიკვდილს ებრძოდა, გუშინ, საღამოს გარდაიცვალა. ლუკა სირაძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.
მოზარდმა რამდენიმე დღის წინ თბილისში სუიციდი სცადა. ოჯახის წევრები ამბობებ, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. ლუკას პოლიცია „მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. „მწვანე სკოლამ” პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი პირი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს პოლიციას.
ლუკა სირაძე პოლიციამ გამოკითხვაზე სწორედ ამის შემდეგ დაიბარა. მის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც უკანონო მოქმედებაა.