საქართველო კინორეჟისორ ზაზა ურუშაძეს ემშვიდობება

გამოწერა
ცნობილი ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ზაზა ურუშაძე, არსებული ინფორმაციით, გულის შეტევით გარდაიცვალა.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველო ზაზა ურუშაძეს ემშვიდობება – ქართველ კინორეჟისორს ხუთშაბათს, 12 დეკემბერს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" საქართველოს კინოაკადემიაში.

53 წლის ზაზა ურუშაძე 7 დეკემბერს გარდაიცვალა. როგორც ჟურნალისტებს რეჟისორის ახლობლებმა განუცხადეს, რეჟისორის უეცარი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

უკანასკნელ გზაზე კინორეჟისორს სიონის საკათედრო ტაძრიდან 14:00 საათზე გააცილებენ.

ზაზა ურუშაძე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა საქართველოს თანამედროვე კინორეჟისორებს შორის. 1982-1988 წლებში დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2002-2004 წლებში იყო საქართველოს კინემატოგრაფის ეროვნული ცენტრის დირექტორი.

კინოფირი - Sputnik საქართველო
ზაზა ურუშაძის უკანასკნელი ფილმის პრემიერა ისრაელში შედგება

მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „ბოლო გასეირნება" (2012) და „მანდარინები" (2013). 2018 წელს ფილმი „მანდარინები", რომელსაც საერთაშორისო ფესტივალების 15-ზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული, კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზამ (IMDb) ყველაზე პოპულარული ფილმების სიაში შეიტანა.

ზაზა ურუშაძე 2013 წელს კინოაკადემიის პრეზიდენტი გახდა. მიმდინარე წლის სექტემბერში ურუშაძემ პოსტი დატოვა. მიზეზად რეჟისორმა „არაჯანსაღი პროცესები" და ინტრიგები დაასახელა.

ზაზა ურუშაძის გახმაურებული ფილმი „მანდარინები" 2015 წელს ესტონეთის სახელით გახდა „ოსკარის" ნომინანტი კატეგორიაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი". ხოლო 2016 წელს ურუშაძის ეს ფილმი ანტონიო გაუდის სახელობის კატალონიური პრემიის მფლობელი გახდა ნომინაციაში „საუკეთესო ევროპული ფილმი".

ურუშაძის ბოლო ფილმ „ანტონის" პრემიერა ისრაელში 21 დეკემბერს გაიმართება.

ფილმის გადაღებები 2018 წლის სექტემბერში დასრულდა. იგეგმებოდა, რომ ფილმის პრემიერა 2018 წლის ბოლოს — 2019 წლის დასაწყისში შედგებოდა.

ფილმის სცენარი კანადელი მწერლის დეილ ეისლერის რომანის „ანტონი, მისი მეგობარი და რუსული რევოლუცია" მოტივებზე დაიწერა. ეისლერი გერმანელი კოლონისტების შთამომავალია და მან ნაწარმოები თავისი ბიძის მოგონებების მიხედვით დაწერა. მწერლის ბიძა მთავარი გმირის ანტონის პროტოტიპია.

ყველა ახალი ამბავი
0