17:00 28 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1914
  • 100 RUB4.6313
  • USD2.8944
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
80 0 0

აქციის მონაწილეები ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობით მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ოფისისკენ მიემართებიან.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისში ოპოზიციამ კიკვიძის პარკიდან მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისისკენ საპროტესტო მსვლელობა გამართა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან. 

მსვლელობაში დაახლოებით 500–600 ადამიანი მონაწილეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეებს შორის არიან ოპოზიციის ლიდერები – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერები დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია.

აქციის დასაწყისი არცთუ სასიამოვნო იყო – როდესაც აქციის მონაწილეები აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში იკრიბებოდნენ, მათ, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ მომხრეებმა ახლომდებარე მრავალსართულიანი სახლის სახურავიდან კვერცხები დაუშინეს.

„ივანიშვილი იმდენად არაა საკუთარ ჭკუაზე, რომ მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მაგრამ თუ ამდენ ადამიანს კონტრაქცია დახვდა, ეს ნიშნავს, რომ ის საერთოდ გადავიდა ჭკუიდან. ჩვენ აბსოლუტურად მშვიდად ვართ, არ ვიყენებთ ძალას, ვითხოვთ მხოლოდ ერთს – დაგვიბრუნეთ არჩევნები“, – განაცხადა ჟურნალისტებთან გიგი უგულავამ. 

საპროტესტი აქციების ტალღა, რომელიც თბილისში 14 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საარჩევნო რეფორმა ჩააგდო, დღემდე არ ცხრება და ახლა უკვე რეგიონებიც მოიცვა.

ხელისუფლებამ ზაფხულში პირობა დადო, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული და არა შერეული სისტემით ჩატარდებოდა, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს. ამჟამად 77 სადეპუტატო მანდატი პარტიებს შორის ნაწილდება, 73 კი იმ კონკრეტულ კანდიდატებს შორის, რომლებმაც ერთმანდატიან ოლქებში საარჩევნო ხმების ნახევარზე მეტი მოიპოვეს.

მმართველმა პარტიამ თავად შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის საყოველთაო სახალხო განხილვაც მოაწყო, თუმცა ბოლო მომენტში „ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს, მხარი არ დაეჭირათ საკანონმდებლო ცვლილებებისთვის. ოპოზიციამ მაშინვე განაცხადა, რომ ეს დადგმული სპექტაკლი იყო და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ქუჩაში გამოვიდა.

 

მთავარი თემები